პუტინი: "რუსეთმა ისტორიული ერთობა აღიდგინა!"
05/11/2021 09:05:21 მსოფლიო
ოფიციალურმა კიევმა მტკიცე პროტესტი გამოთქვა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში პრეზიდენტ პუტინის ვიზიტის გამო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიევთან შეუთანხმებელი ვიზიტი რუსეთის ვალდებულებებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
პუტინი ანექსიის შემდეგ ყირიმსა და სევასტოპოლში უკვე არაერთხელაა ჩასული და კიევი ამას ყოველ ჯერზე აპროტესტებს.
ამჟამინდელი ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს უზენაესი საბჭოს ონლაინ-სხდომაში, რომელზეც ე.წ. სამოკავშირეო პროგრამებს მოეწერა ხელი.
თავის მხრივ, ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სხდომის დროს სიტყვით გამოსვლისას რუს კოლეგას სავარაუდოდ, ხუმრობით უსაყვედურა იმის გამო, რომ ყირიმში არ გაიყოლა.
ცნობისთვის: ბელარუსი რუსეთის მიერ ყირიის ანექსიას ფორმალურად არ სცნობს, თუმცა არც იმ საერთაშორისო რეზოლუციებს უჭერს მხარს, რომლებშიც ანექსია იგმობა.
სხდომამდე პუტინი სიტყვით გამოვიდა სევასტოპოლში ახლადგახსნილი მემორიალის წინ, რომელიც რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულებას ეძღვნება. ძეგლი მოიცავს ორი მამაკაცის ფიგურებს, რომლებიც თეთრებსა და წითლებს განასახიერებენ, ასევე ქალის ფიგურას - დედა-რუსეთს, რომელიც, ავტორის ჩანაფიქრით, "ყველა შვილს არიგებს". თავისი სიტყვა პუტინმა "სახალხო ერთობის დღეს" მიუძღვნა, რომელიც რუსეთში 4 ნოემბერს აღინიშნება. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ «ეს მემორიალური კომპლექსი სევასტოპოლში იმის ნიშანია, რომ რუსეთს ახსოვს ყველა მისი ერთგული შვილი, ბარიკადების რომელ მხარესაც არ უნდა ებრძოლათ მათ თავის დროზე" და რომ "რუსეთმა კვლავ აღიდგინა ისტორიული ერთობა". ამასთან, მან დასძინა, რომ "სევასტოპოლი და ყირიმი სამუდამოდ რუსეთთან ერთადაა».


