
საქართველოში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა
05/11/2021 06:40:37 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშის თანახმად, პანდემიის დაწყებიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში კორონავირუსით ჯანდაცვის სფეროს 117 თანამშრომელი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის 40.2% იყო კაცი, 59.8% ქალი. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 68.4%-ს შეადგენდა.
მისი ცნობით, რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 52.1% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო.
ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჯანდაცვის მუშაკები 6.4%-ს შეადგენს. რისკის ჯგუფების მიხედვით, დაინფიცირებული ჯანდაცვის მუშაკთა 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ცხელების, კოვიდ ან ონლაინ კლინიკის და სტაციონარების მიმღების, ინტენსიურის და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელია. ინფიცირებულთა შორის 82% იყო ქალი, 18% - კაცი. ინფიცირების ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში.