
პოლიციამ განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა
05/11/2021 05:40:58 საზოგადოება
პოლიციამ განკვეთილი სასულიერო პირები სალხინოს მონასტრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, მარტვილის პოლიციის სამმართველოში ამ დროისთვის 4 სასულიერო პირია გადაყვანილი.
ჭყონდიდის ეპარქიაში დილიდან ხმაურია. განკვეთილი სასულიერო პირების თქმით, მამაოები დილის ლოცვებს ატარებდნენ, როცა "ჩოხოსნები მეუფე სტეფანესთან ერთად შემოვიდნენ და მოჰყვა სპეცრაზმი, რის შემდეგაც მამაოები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მონასტრიდან".
"აქედან დაიწყება სულ სხვა მოქმედებები. რას ვგულისხმობ და აქედან ჩვენ ცოცხლებს ვერ გაგვიყვანენ, მთელ საქართველოს მოვუხმობ, ვისაც სინდისი და ქართველობა აქვს, ვინც დაფიქრებულხართ, რას შვება ეს მატყუარა ხალხი,“ - აცხადებს განკვეთილი მამა ათინოგენე.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სალხინოს მონასტერთან დარჩენილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ.
ცნობისათვის: ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა. საქმე ეხება სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ და სტეფანე კალაიჯიშვილის მმართველობას ეწინააღმდეგებიან.