NYT: აშშ-ში "ტრამპის დოსიეს" შექმნასთან დაკავშირებული რუსეთის მოქალაქე დააკავეს
04/11/2021 18:17:55 მსოფლიო
ამერიკელმა სამართალდამცველებმა რუსული წარმოშობის ანალიტიკოსი იგორ დანჩენკო დააკავეს, რომელიც ექს-პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ ოფიციალურ დონეზე დაუდასტურებელი კომპრომატის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ითვლება, - იუწყება "The New York Times".
არსებული ინფორმაციით, 2016 წელს დანჩენკო დონალდ ტრამპის რუსეთთან კავშირების შესახებ მონაცემებს აგროვებდა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მისი დაკავება რამდენიმე წლის წინ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული სპეცპროკურორის - ჯონ დარემის გამოძიების ნაწილია.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დანჩენკო ინფორმაციას აგროვებდა ყოფილი ბრიტანელი მზვერავის - კრისტოფერ სტილის დოსიესთვის, რომლის თანახმად, ტრამპი და მისი საპრეზიდენტო კამპანია რუსულ დაზვერვასთან იყო კავშირში და ეს უკანასკნელი მას ჰილარი ქლინთონის დამარცხებაში ეხმარებოდა.
მაშინ სტილის დოსიეს ზოგიერთი მასალა გამოძიების ფედერალური ბიუროს მოქმედებებს დაედო საფუძვლად. კერძოდ, მის საფუძველზე დაიწყო 2016 წლის ოქტომბერში წინასაარჩევნო კამპანიაში ტრამპის მრჩევლის სატელეფონო მოსმენები. დანარჩენმა მასალებში ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, დოსიეში მოცული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი დღემდე დაუდასტურებელია, ნაწილი კი ოფიციალურად იქნა უარყოფილი.
რუსეთში დაბადებულმა, თუმცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში აშშ-ში მცხოვრებმა იგორ დანჩენკომ გამოძიებას ჩვენება ერთხელ უკვე მისცა. ეს 2017 წელს მოხდა. მაშინ მისი ჩვენება "კიდევ უფრო სპეკულაციურად" შეფასდა, ვიდრე თავად დოსიე.


