ცნობილი გახდა, რაზე ისაუბრა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა მოსკოვში
04/11/2021 08:24:07 მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა მოსკოვში, რუსეთის უსაფრთხოების ორგანოების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებზე რუსული კიბერშეტევების საკითხი დააყენა, - იუწყება "ამერიკის ხმა" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
-
- როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის ივნისში ჟენევაში გამართულ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინს რუსეთში ბაზირებული კიბერდამნაშავეების წინააღმდეგ ზომების მიღება მოსთხოვა და თანხმობა მიიღო.
«კიბერუსაფრთხება მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა», - უამბო "ამერიკის ხმას" რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან დაახლოებულმა წყარომ და დასძინა, რომ ბერნსმა შეხვედრებზე ამერიკული უწყებების წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებთან რუსი ჰაკერების კავშირის მტკიცებულებები წარმოადგინა.
- გასულ სამშაბათს ბერნსი მოსკოვში უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს შეხვდა, ოთხშაბათს - საგარეო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინს.
«დიალოგი ესოდენ მაღალ დონეზე და ესოდენ სენსიტიურ საკითხებზე უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ისე მსოფიოში არსებული პრობლემების გადასაჭრელად», – განაცხადა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
გასულ ოთხშაბათს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე რუსული კომპანია "Positive Technologies" თავის შავ სიაში დაამატა და განაცხადა, რომ "რუსები ყიდიან კიბერ-ინსტრუმენტებს, რომლებსაც დამნაშავეები კომპიუტერულ ქსელებზე არასანქცირებული წვდომისთვის იყენებენ".
ერთი დღით ადრე, სამშაბათს კი რუსეთში ცოტა ხნით დააკავეს ბელორუსი ჰაკერი სერგეი პავლოვიჩი, რომელსაც აშშ ეძებდა. თუმცა იგი მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც პავლოვიჩმა YouTube-ში ვიდეორგოლი გაავრცელა და განაცხადა, რომ "ინტერპოლის" ხაზით დაკავებული, გათავისუფლდა იმის გამო, რომ რუსეთსა და აშშ-ს ექსტრადირების შესახებ შეთანხმება არ გააჩნიათ.


