ჯანმომ ინდური წარმოების ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა
03/11/2021 20:49:19 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდოეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას “კოვაქსინს” გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.
BBC–ს ცნობით, ვაქცინას ინდოეთში ავტორიზაცია მიმდინარე წლის იანვარში მიენიჭა, როდესაც მესამე ფაზის კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, რამაც შეშფოთება და კრიტიკა გამოიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს.
ვაქცინის მწარმოებელმა კომპანია “ბარატ ბიოტექმა” გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც “კოვაქსინი” 78%-ით ეფექტურია.
“კოვაქსინის” ორი დოზა ოთხკვირიანი ინტერვალით რეკომენდებულია 18 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებისთვის.
“კოვაქსინის” გარდა, ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზებული ვაქცინებია: “ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, “სინოფარმი”, “სინოვაკი”, “მოდერდნა”, “ჯონსონი და ჯონსონი”.


