სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 90 000–მდე სამხედრო დატოვა
03/11/2021 12:00:46 მსოფლიო
სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 90 000–მდე სამხედრო დატოვა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე წლის მეორე ნახევრის განმავლობაში ფართომასშტაბიანი წვრთნების სერია ჩაატარეს, მათ შორის საჰაერო-სადესანტო ჯარების მონაწილეობით. წვრთნის შემდეგ კი 41-ე არმიის ქვედანაყოფები რუსეთის ევროპულ ნაწილში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 260 კმ-ის მანძილზე დარჩნენ.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსკოვმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, რამაც კიევისა და დასავლეთის დედაქალაქების შეშფოთება გამოიწვია, თუმცა რუსეთმა სამხედროები მოგვიანებით ბაზაზე დააბრუნა.


