
"კოვიდ–ინფიცირებულთა გადარჩენით ჩვენ უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას"
03/11/2021 11:07:40 საზოგადოება
თბილსის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კოვიდ–ინფიცირებულთა გადარჩენით საქართველოს უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას.
"გადარჩენის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. კი, თქვენ ყველა აპელირებთ 40-45 გარდაცვლილზე, მაგრამ იცით, მსოფლიო სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ეს ჩვენთვის დიდი ტკივილია, თითოეული ადამიანის დაკარგვა არის ძალიან მძიმე. საქართველოსთვის მძიმედ ისმის 40-50 ავადმყოფის სიკვდილი, მაგრამ მსოფლიო ოპერირებს სხვა მაჩვენებლებით - გადარჩენის მაჩვენებლებით და გარდაცვალების პროცენტით, ანუ ყველა კოვიდ–ავადმყოფს შორის რამდენი პაციენტი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამ მაჩვენებლით საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას. თვითონ დაითვალეთ, დღეს 6000-ზე მეტი ავადმყოფი იყო და გარდაიცვალა 49", – განუცხადა ჟურნალისტებს ცერცვაძემ.
მისი თქმით, აშშ-ში ინფიცირებულებს შორის გარდაცვალების მაჩვენებელი 1,92%–ია, საქართველოში კი – 1 %–ის ფარგლებში. როგორც მან აღნიშნა, ამ მაჩვენებლის შესამცირებლად აუცილებელია ვაქცინაცია.
- ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 6024 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 3 818 პირი.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.
- დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.46%.
- ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 3 868 პირი აიცრა.