სტამბოლი-ჰამბურგის ავიარეისის დროს გარდაცვლილი მგზავრი კოვიდ–ინფიცირებული აღმოჩნდა
02/11/2021 05:57:59 მსოფლიო
სტამბოლი-ჰამბურგის ავიარეისის დროს მგზავრი გარდაიცვალა. მოგვიანეებით, ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი ჰქონდა.
როგორც გერმანული მედია იუწყება, რეისი ავიაკომპანია „პეგასუსის“ თვითმფრინავით განხორციელდა. გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქე იყო. პოლიციის ცნობით, 51 წლის მამაკაცი მარტო მგზავრობდა, იგი ფანჯარასთან იჯდა. მისი გარდაცვალება დანარჩენმა მგზავრებმა ვერ გაიგეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ მას ეძინა. ვარაუდობენ, რომ მამაკაცს სხვა სერიოზული დაავადებებიც ჰქონდა.
როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავში ინფიცირებული პირი ჯერ–ჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან გერმანიაში გამგზავრების წინ სავალდებულოა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის და ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. როგორც გერმანული მედია იტყობინება, ყველა მგზავრი თვითმფრინავში ნიღბით იმყოფებოდა. რომელიმე სხვა მგზავრის ან ეკიპაჟის წევრების ინფიცირების შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერია ცნობილი.


