100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა
02/11/2021 05:51:40 მსოფლიო
გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტზე 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი 2030 წლისთვის ტყეების გაჩეხვის შეჩერებაზე შეთანხმდა.
ლიდერები შეთანხმდნენ, რომ პლანეტის მასშტაბით მწვანე საფარის მასობრივი განადგურების წინააღმდეგ საერთო ჯამში ისინი 19.2 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფენ. გათვალისწინებული თანხის ნაწილი განვითარებად ქვეყნებს მოხმარდება ტყეების აღსადგენად, ტყის ხანძრების წინააღმდეგ საბრძოლველად და მკვიდრი მოსახლეობის მხარდასაჭერად.
სამიტის დროს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ბრაზილიის, კანადის, რუსეთის, ინდონეზიისა და კონგოს ტყეების შესანარჩუნებლად, სადაც პლანეტის მწვანე საფარის 85% მდებარეობს.
მიღწეულ შეთანხმებას ეკოლოგები და ეკოაქტივისტები მიესალმებიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2014 წელს დადებულ ანალოგიურ შეთანხმებას ტყის გაჩეხვის პროცესი არ შეუნელებია და მნიშვნელოვანია ამ კუთხით ვალდებულებების შესრულება.


