
ალტერნატიული სამედიცინო ჯგუფი მიხეილ სააკაშვილთან შესვლას ითხოვს
01/11/2021 09:12:28 პოლიტიკა, საზოგადოება
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით შექმნილ ალტერნატიულ სამედიცინო ჯგუფს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება ამ დრომდე არ ეძლევა.
სხვადასხვა პროფილის ექიმთა ჯგუფმა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ ორგანიზებით დაკომპლექტდა, პენიტენციურ სამსახურს ციხეში შესვლის მოთხოვნით 29 ოქტომბერს მიმართა.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა შესაბამის უწყებას, მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო ტიპის C-კლასის კლინიკაში:
„მივმართეთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და ციხეების სამედიცინო სამსახურს და ვითხოვთ ციხეში შესვლას, ექსპერტების დაშვებას სამედიცინო გამოკვლევისთვის, რათა ადგილზე გავეცნოთ ლაბორატორიულ მონაცემებსაც. მაგრამ ამასთანავე, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს სამოქალაქო ტიპის C-კლასის კლინიკაში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, რომ მიიღონ დროული ზომები, იხელმძღვანელონ მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით და არა სხვა პრინციპებით და გადაყვანილი იყოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, ვინაიდან ის უკვე დიდი ხანია საჭიროებს ინტენსიურ თერაპიაში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარებას. ცენტრი „ემპათია“ პირველად არ ატარებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექსპერტიზას, შესაბამისად, თუკი დაშვებული არ იქნება ჯგუფი, ეს განიხილება, როგორც დისკრიმინაციული მიდგომა მიხეილ სააკაშვილის მიმართ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდება, რომ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, მას გადაიყვანენ პენიტენციური სამსახურის საავადმყოფოში– მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში დღეისათვის არსებული ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო ერთადერთი კლინიკა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ექიმები აცხადებენ, რომ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება, არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვისაა საჭირო. გარდა ამისა, მათი განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში ვერ იქნება დაცული ექს–პრეზიდენტის უსაფრთხოებაც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.