„ბიონტექის“ დამფუძნებლები: "კოვიდ–19" უფრო მართვადი გახდება"
01/11/2021 09:16:54 მსოფლიო
"ფაიზერის“ პარტნიორი გერმანული კომპანია „ბიონტექის“ დამფუძნებლები უგურ შაჰინი და ოზლემ ტიურეჩი აცხადებენ, რომ რთულია იმის თქმა, როდის დასრულდება პანდემია, თუმცა "კოვიდ–19" უფრო მართვადი ვირუსი გახდება. ამის შესახებ მეცნიერებმა DW–სთან ინტერვიუში განაცხადეს.
გამოცემის ჟურნალისტის კითხვაზე, "როდის დასრულდება პანდემია?", ტიურეჩმა შემდეგი აღნიშნა:
"რთული კითხვაა, როდის დასრულდება პანდემია, რადგან ყოველდღიურად ვსწავლობთ რაღაც ახალს იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს დაავადება ვაქცინაზე. ჩვენ გვჭირდება ეს ცოდნა, რათა ვიმსჯელოთ, როდის დასრულდება პანდემია. მაგრამ რაც უკვე დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ არის ის, რომ თანდათან „ახალი ნორმალურობა“ მკვიდრდება. ამას უკვე ვგრძნობთ. ჩვენ ვსწავლობთ როგორ გავუმკლავდეთ ვირუსს. ბევრი ჩვენგანი უკვე ვაქცინირებულია და თავისუფლების ახალ ხარისხს იძენს. რა თქმა უნდა, ვირუსთან გამკლავება კიდევ რამდენიმე წელს მოგვიწევს. მომავალი გვიჩვენებს, გაჩნდება თუ არა სხვა ვარიანტები, რომლებიც იმუნურები იქნებიან ამჟამინდელი ვაქცინების მიმართ. წლების განმავლობაში ვირუსი გრიპის ვირუსის სტატუსს შეიძენს, რისთვისაც მოსახლეობის ზოგიერთი ჯგუფი ყოველწლიურად ან ორ წელიწადში ერთხელ აცრას იტარებს. კორონავირუსი უფრო მართვადი ვირუსი გახდება".
როგორც უგურ შაჰინმა აღნიშნა, „ბიონტექს“ უკვე დაწყებული აქვს მუშაობა ახალი თაობის ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის მიერ სამომავლოდ მუტირებულ ვარიანტებზე იქნება გათვლილი:
"ჩვენ ამჟამად ვამოწმებთ ვარიანტულ ვაქცინებს მოხალისეთა შედარებით მცირე ჯგუფში. ამ დროისთვის უკვე არსებული ვაქცინის შეცვლა საჭირო არ არის, მაგრამ ჩვენ გვსურს, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ ახალი ვარიანტების წინააღმდეგ მოქმედი ვაქცინები და შევამოწმოთ ისინი კლინიკურად, რათა ვაჩვენოთ, რომ ისინი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც უკვე გამოყენებული ვაქცინები. თუ ახალი მუტაცია გამოჩნდება, ვაქცინა უნდა იყოს ადაპტირებული და ჩვენ ამას ძალიან სწრაფად შევძლებთ, რადგან უკვე დაყენებული გვაქვს შესაბამისი პროცედურა. შესაძლოა, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მოხდეს ვაქცინის ადაპტირება ახალი მუტაციების გასამკლავებლად".
ჟურნალისტის კითხვაზე, "აუცილებელია ბავშვების აცრა?", მეცნიერებმა შემდეგი განაცხადეს:
"ჩვენ ვერ ვიტყვით, აუცილებელია თუ არა ეს. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს და ვაწვდით შესაბამის ორგანოებს. გერმანიაში უკვე დაამტკიცეს ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. ვაქცინების დამტკიცების შემდეგ, ინდივიდების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მისი გაკეთება".
რაც შეეხება იმას არიან თუ არა იმედგაცრუებულები იმის გამო, რომ უამრავი კვლევის შემდეგ კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, შაჰინის თქმით, ამით სულაც არ არიან იმედგაცრუებულნი:
"ჩვენ სულაც არ ვართ იმედგაცრუებული. რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ინფორმაციის მიწოდება გამჭვირვალე გზით. ერთადერთი, რასაც ყველას ვურჩევდი იქნება არა მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაციის მიმოხილვა, არამედ რაც შეიძლება ფართოდ ინფორმირება, რათა მივიდეთ კარგ გადაწყვეტილებამდე".
ვაქცინაციის პროცესის მთავრობების მიერ მხარდაჭერაზე საუბრისას ტიურეჩმა გერმანიის ქალაქ კიოლნის მერის მაგალითი მოიყვანა.
"ყველა მთავრობამ უნდა შეხედოს, რაც აკეთებენ სხვა მთავრობები მსოფლიოში. კიოლნის მერმა გვითხრა, რომ ის თავად მიდის გარკვეულ რაიონებში, როდესაც ვაქცინა შემოდის. ეს არის ის, საიდანაც სხვა გადაწყვეტილების მიმღებებმა შეიძლება, ისწავლონ", – დასძინა მან.


