მედია – „გაზპრომმა“ მოლდოვისთვის გაზის მიწოდება დაიწყო
01/11/2021 07:41:41 მსოფლიო
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვისთვის გაზის მიწოდება დაიწყო, – იუწყება DW.
30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მოლდოვის მთავრობამ და რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომმა" შეთანხმებას მიაღწიეს ბუნებრივი აირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის 1 ნოემბრიდან ხუთი წლით გახანგძლივების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ენერგოკრიზისის გამო 22 ოქტომბერს მოლდოვას მთავრობამ 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. 25 ოქტომბერს კი, პირველად დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, მოლდოვამ ბუნებრივი აირი ალტერნატიული მომწოდებლისგან და არა რუსეთისგან შეისყიდა: სახელმწიფო კომპანია Energocom-მა შესაბამისი კონტრაქტი პოლონურ PGNiG-თან გააფორმა.
მოგვიანებით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ მზადაა, მოლდოვას ენერგოკრიზისის დაძლევაში დაეხმაროს.
ამასთან, The Financial Times–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა.
"გაზპრომი"კიშინიოვს სთავაზობდა ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესწორებები შეეტანა და გადაევადებინა ბრიუსელთან შეთანხმებული ენერგეტიკული სექტორის რეფორმირება", – წერდა გამოცემა.


