ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთისა და ჩინეთის პოზიციებით იმედგაცრუებულია
01/11/2021 06:12:20 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით „დიდი ოცეულის“ სამიტზე რუსეთმა და ჩინეთმა არ აიღეს რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც მიმართულია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისკენ.
„არსებობს მიზეზი, რის გამოც ხალხი იმედგაცრუებული უნდა იყოს. მე ვარ იმედგაცრუებული. კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ფოკუსირება იმაზე, თუ რას არ აკეთებს ჩინეთი, რას არ აკეთებს რუსეთი, რას არ აკეთებს საუდის არაბეთი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„დიდი ოცეულის“ სამიტი რომში 30-31 ოქტომბერს გაიმართა. მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევის აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო კომუნიკეში კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის და აღნიშნულია, რომ ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევა დაახლოებით საუკუნის შუა პერიოდისთვის იქნება შესაძლებელი. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვან და ეფექტურ ქმედებებს განახორციელებენ იმისთვის, რომ გლობალური დათბობა 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეიზღუდოს, რაც, მეცნიერების თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დონეა კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.


