
აჭარის განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 7 099 300 ლარით გაიზარდა და 71 000 300 ლარს შეადგენს
29/10/2021 14:03:53 საზოგადოება
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 7 099 300 ლარით გაიზარდა და 71 000 300 ლარს შეადგენს.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, 2022 წელს პრიორიტეტად რჩება სტუდენტებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა:
- სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა და 1 500 000 ლარი შეადგინა, შესაბამისად 1300 სტუდენტს დაუფინანსდება სწავლის გადასახადი;
- გაიზარდა საზღვარგარეთ სწავლის ბიუჯეტი, რითაც უფრო მეტ ახალგაზრდას დაუფინანსდება სწავლა საზღვარგარეთ.
"მიმდინარე სასწავლო წელს, ისევე როგორც გაზაფხულზე, შემოდგომის სემესტრის სწავლის გადასახადი დაუფინანსდება ყველა იმ აპლიკანტს, ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა მოთხოვნებს. ჯამში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდება 600 სტუდენტს.
2022 წელს განხორციელდება 21 სკოლის მშენებლობა, მათ შორის დაიწყება 10 ახალი მშენებლობა ბათუმსა და სხვა მუნიციპალიტეტებში;
- 38 სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია;
- ბათუმში დაიწყება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა.
2022 წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად მოხდება კულტურის სფეროს ხელშეწყობა, პოპულარიზაცია, საგასტროლო ტურების დაფინანსება და 5 ათასზე მეტი კულტურის სფეროში მოღვაწე პირს ექნება საშუალება ჩაერთოს ამ პროცესში, რისთვისაც ამ 18 მლნ მეტი ლარი დაიხარჯება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ავარიული სახლების რეაბილიტაციის ფარგლებში დაიწყება 10 მლნ-იანი პროგრამის განხორციელება და 5 ავარიული ძეგლის რეაბილიტაცია. შესაბამისად პროგრამის დაფინანსება 65% გაიზრდება.
2022 წელს გაგრძელდება სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
2022 წლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ქალაქ ბათუმში ახლად აშენებული სპორტის სასახლე, სადაც განთავსებულია 10 სპორტული დარბაზი", – აცხადებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.