
მეუფე გრიგოლი – მიხეილ სააკაშვილზე: "ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს განვითარების ბედს"
29/10/2021 10:52:50 პოლიტიკა, საზოგადოება
"მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი", - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ციხეში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მეუფე გრიგოლის თქმით, სააკაშვილის ბედი ახლა, სახელმწიფოს სამომავლო განვითარების ბედს უკავშირდება:
"ხშირად გვესმის საუბარი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია, ვიტყვი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და უნდა იყოს კიდეც თანასწორი. ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ ხომ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი არაჩვეულებრივი პატიმარია. ჩვენ გვესმის, მეც მოვისმინე, საყოველთაო შერიგების შესახებ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უცნაურია, იმიტომ, რომ შერიგება რომ მოხდეს, პირველ რიგში ღირებულებათა თანხმობა უნდა იყოს. ჩვენ ღირებულებითი შეუთანხმებლობა გვაქვს საზოგადოებაში. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. თუ რაღაცაში მაინც ღირებულებით ნაწილში შევთანხმდებოდით, საუბარი უკვე შეიძლება დანარჩენზე. ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით, შევძლებთ ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას, ტრაგედიას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის. ასეთ დროს უფრო შევძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. არ მაქვს სურვილი, რომ ჩვენ ვიგლოვოთ ახალგაზრდა პრეზიდენტი. არის შეთხვევები, როცა შიმშილობა კი არა თვითმკვლელობაც კი პირიქით ეთვლება ადამიანს, არის განსაკუთრებული შემთხვევები. პოლიტიკოსებთან დაკავშირებით ჩვენ ამ თემას ვერ განვსჯით, რადგან პოლიტიკოსებისთვის ეს არის ინსტრუმენტი, მისი არჩევანია. მე მას ვუთხარი, რომ ეს არის თქვენი არჩევანი“, - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. დღეიდან სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ ექიმების კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს. როგორც ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილების მიზეზი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმაა.