აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა რუსეთი თავისუფალი მედიის დევნაში დაადანაშაულეს: საქართველო ბრალმდებელთა შორის არ ფიგურირებს
29/10/2021 08:20:05 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შტატებისა და მისი მოკავშირეების სახელით გაავრცელა განცხადება, რომელშიც რუსეთის ხელისუფლებას თავისუფალი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების დევნის გაძლიერებაში ადანაშაულებს.
ხელმომწერთა განმარტებით, დევნის გაძლიერება, მათ შორის, "უცხოელი აგენტების შესახებ" კანონის არამართლზომიერ გამოყენებაში გამოიხატება.
"მედიის თავისუფლებისთვის კოალიციის წევრები, რომლებიც ხელს ვაწერთ ამ განცხადებას, ღრმად ვართ შეშფოთებულები რუსეთში ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების დევნის გაძლიერების გამო. მედიის თავისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ღია და თავისუფალი საზოგადოებებისთვის, ადამიანის საბაზისო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისათვის" - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
დოკუმენტს აშშ-ის გარდა, ავსტრალია, კანადა, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, სლოვენია, სლოვაკეთი, უკრაინა და ბრიტანეთი აწერენ ხელს.
"დაბეჯითებით მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, დაიცვას თავისი საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა სფეროში, პატივი სცეს და უზრუნველჰყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება" - ნათქვამია განცხადებაში.


