მსოფლიოში ჟურნალისტთა მკვლელობის საქმეების 80% გაუხსნელი რჩება
28/10/2021 17:38:57 მსოფლიო
ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში 278 ჟურნალისტი მოკლეს და შემთხვევების უმეტესობაში (80%) მკვლელები არ დასჯილან, - ნათქვამია ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (ნიუ-იორკი) "დაუსჯელობის 2021 წლის ინდექსში".
იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, რომლებშიც მედიის წარმომადგენლები განსაკუთრებით დაუცველები არიან, შედიან სომალი, სირია, ერაყი, სამხრეთ სუდანი და ავღანეთი.
"ეს საშინელი სიგნალია ჟურნალისტიკისთვის, რადგან ნებისმიერი მთავრობა, ნებისმიერი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც მედიის წარმომადგენლების დადუმებას მოისურვებს, ამას სულ რამდენიმე ათასი დოლარის ფასად მკვლელის დაქირავებით მიაღწევს", – განუცხადა "ამერიკის ხმას" არასამთავრობო უფლებადამცველი კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ მაჰონიმ.
რუსეთი ინდექსში მე-10 პოზიციაზეა. მე-6 ადგილს მექსიკა იკავებს, რომელსაც ფილიპინები, ბრაზილია და პაკისტანი მოსდევენ.
მოხსენებაში უფლებადამცველები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ ავღანეთის ხელისუფლებაში რადიკალური მოძრაობა "თალიბანის" მოსვლის გამო. მათი განმარტებით, თალიბების დაპირებები სიტყვის თავისუფლების დაცულობის უზრუნველყოფის შესახებ ჰაერში ნასროლ სიტყვებად გამოიყურება იმ ფონზე, რომ დაჯგუფების წევრებმა მედიის წარმომადგენლების მიმართ უკვე ათობით დარღვევა ჩაიდინეს, ცემისა და უკანონო დაკავებების ჩათვლით. უფლებადამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ავღანეთში თალიბების გამაგრებისა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის კოლაფსის შემდეგ ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში მოკლული 17 ჟურნალისტის მკვლელების დადგენა-დაკავება ნაკლებ მიღწევად მიზნად გამოიყურება, მით უფრო, რომ მსხვერპლთაგან ზოგიერთი მკვლელობამდე თალიბებისგან მუქარებს იღებდა.


