შეერთებულმა შტატებმა პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გასცა
28/10/2021 14:40:43 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გასცა ნიშნით X. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია იმ ადამიანების უფლებების აღიარებაში, რომლებიც არ არიან მამრობითი ან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. აშშ იმედოვნებს, რომ მომავალ წელს შეძლებს პასპორტის ამ ვარიანტის უფრო ფართოდ შეთავაზებას.
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა LGBTQ უფლებების საკითხებში ჯესიკა სტერნმა ამ ნაბიჯს ისტორიული და საზეიმო უწოდა და განაცხადა, რომ ეს სამთავრობო დოკუმენტებს “ცოცხალ რეალობასთან” აკავშირებს.
“როდესაც ადამიანი იღებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს ნამდვილ ვინაობას, ის ცხოვრობს დიდი ღირსებითა და პატივისცემით”,- განაცხადა სტერნმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა ივნისში გამოაცხადა, რომ აპირებს მესამე გენდერული მარკერის დამატებას არაბინარული, ინტერსექსისა და გენდერული სქესის შეუსაბამო ადამიანებისთვის, მაგრამ განაცხადა, რომ ამას დრო დასჭირდება, რადგან კომპიუტერული სისტემებისთვის ვრცელ განახლებებს საჭიროებს. პასპორტის განაცხადი და სისტემის განახლება X აღნიშვნით ჯერ კიდევ უნდა დაამტკიცოს მართვისა და ბიუჯეტის ოფისმა, რომელიც ამტკიცებს ყველა სამთავრობო ფორმას დოკუმენტის გაცემამდე.
ახლა დეპარტამენტი საშუალებას აძლევს განმცხადებლებს, თავად აირჩიონ სქესი და აღარ მოეთხოვებათ სამედიცინო სერტიფიკატის წარდგენა, თუ მათი სქესი არ ემთხვევა სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში ჩამოთვლილ სქესს.
შეერთებული შტატები, რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, მათ შორის ავსტრალია, ახალი ზელანდია, ნეპალი და კანადა, საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, პასპორტში მიუთითონ სხვა სქესი, გარდა მამრობითი და მდედრობითი სქესისა.


