თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "თუ აშშ F35-ებს არ მოგვყიდის, რუსულ SU-35–ებსა ან SU-57–ებს შევიძენთ"
28/10/2021 12:57:07 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თუ ვაშინგტონი ანკარას F35 ტიპის ავია–გამანადგურებლებს არ მიჰყიდის, ეს უკანასკნელი რუსული წარმოების მოიერიშეებს შეიძენს.
"თუ შეერთებულ შტატებს არ აქვს სურვილი, მოაგვაროს F35-ების საკითხი, ან თუ კონგრესი დაბლოკავს შეთანხმებას, თურქეთისთვის ამერიკული წარმოების ავია–გამანადგურებლების მიყიდვის თაობაზე, ჩვენ ალტერნატიული გზების ძიებას დავიწყებთ, მათ შორის განვიხილავთ რუსული წარმოების SU-35–ებისა ან SU-57–ების შეძენის საკითხს", – განაცხადა ჩავუშოღლუმ "CNN Turk"–თან ინტერვიუში.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უნდა მიაწოდოს F-35 ან უკან დაუბრუნოს მოიერიშეებში უკვე გადახდილი ფული, ან ავია–გამანადგურებლების ნაცვლად, სხვა ტექნიკა მისცეს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურდა. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. 2019 წლის ივნისში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა. მოგვიანებით, 2019 წლის 18 ივლისს ვაშინგტონმა ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა. აშშ შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც.
რამდენიმე მილიარდიანი შეთანხმება, რომელიც თურქეთის მიერ ამერიკული წარმოების ავიაგამანდგურებლების შეძენას ითვალისწინებს, ამჟამად განხილვის პროცესშია და მის განსახორციელებლად აშშ-ის კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანხმობაა საჭირო.


