
"კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები"
28/10/2021 12:11:00 პოლიტიკა, საზოგადოება
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
"პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და მოქალაქეთათვის არჩევნებში ნების გამოვლენისათვის სავარაუდო ხელშეშლის ფაქტებიც. კვლავ გამოწვევად რჩება სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები, როგორც ორ ოქტომბრამდე, ასევე შემდეგაც. მათ შორისაა, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევები. საია მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიონ. მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდში საიამ აღწერა პოლიტიკური პარტიებისთვის წინასაარევნო კამპანიის წარმოებაში ხელშეშლის ორი შემთხვევა", – ნათქვამია ანგარიშში.
საია–ს ცნობით, სააანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სააგიტაციო მასალის დაზიანების ფაქტები, რომელიც მიმართული იყო როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციის წინააღმდეგ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, საია აგრძელებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.