
"დაახლოებით, 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ და ჩვენი ხალხის ძალა მთელმა მსოფლიომ ნახა"
28/10/2021 10:54:22 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ გამართულ აქციაზე დაახლოებით, 150 000 ადამიანი მივიდა.
„მთავარი არხის“ კითხვაზე, რატომ დაიშალა აქცია ასე მალე, ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა:
„დაახლოებით 150 000 ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა. ასე, რომ მოგიწევთ ყველას, რომ დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას“.
27 ოქტომბერს თბილისში თავისუფლების მოედანზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერთა აქცია გამართა. მედიაში არაერთი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც მოქალაქეები ამბობენ, რომ მონაწილეობისთვის გარკვეული თანხა მიიღეს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ მხარდამჭერების მხოლოდ საკვების ხარჯები დაფარეს.
მოგვიანებით, პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუსტი თანხა, თუ რა დაჯდა აქციის ორგანიზება არ იცის, მაგრამ უახლოეს პერიოდში ამ მონაცემებს „ოცნება“ აუდიტის სამსახურს მიაწვდის.