
119-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ თანამდებობიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს
28/10/2021 06:00:20 საზოგადოება
თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია, რადგან მასწავლებლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თეა ბრეგვაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
თეა ბრეგვაძე დარწმუნებულია, რომ უფლებამოსილება მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუწყვიტეს. მისი თქმით, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ისეთი ხელმძღვანელი დანიშნეს, ვინც ხელისუფლების მხარდამჭერია.
"ამ სკოლის დირექტორი ერთი წლის წინ მოხსნეს. როდესაც ვიკითხეთ რატომ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვინდოდა, ჩავძიებოდით ამ საკითხს, მაგრამ თავად დირექტორმა არ მოისურვა, რომ გაგვეგრძელებინა ამაზე დავა. შიდა ბრძანებით, დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად და გუშინ აღმოჩნდა, საარჩევნოდ, რომ ახალი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იგზავნება ამ სკოლაში და უბრალოდ მიჩნდება კითხვა - რატომ? ის პიროვნებაც და მეც ვაკმაყოფილებთ ერთი და იგივე მოთხოვნებს, მეც ვარ იგივე პირობებით რა პირობებიც გააჩნია მას. მე გახლავართ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატის თენგიზ გიორგაძის დეიდა, რომელიც წარადგინეს გლდანის რაიონის გამგებლად. ის ქალბატონი [ჩემი შემცვლელი] არის "ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერი. სკოლა უნდათ გახადონ თავისთვის მართული", - განაცხადა თეა ბრეგვაძემ.
როგორც თეა ბრეგვაძემ აღნიშნა, მისი სახელი სუს-ის ფაილებშიც იყო გაჟღერებული. კერძოდ, მისი თქმით, "ფაილებში ეწერა, რომ წინამორბედი პაატა რაზმაძე მისი გავლენის ქვეშ იყო":
"ერთი წლის წინ მოხსნეს ამ სკოლის დირექტორი პაატა რაზმაძე და გაიჟღერა სუს-ის ფაილებში, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ ის იყო დირექტორის მოადგილის თეა ბრეგვაძის გავლენის ქვეშ. ესეც მაინტერესებს - რას ნიშნავს ზეგავლენის ქვეშ ყოფნა და დირექტორის? ალბათ, მასაც აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ გავეთავისუფლებინე მოადგილეობიდან, ალბათ, იგი ვერ აკეთებდა ამას, რადგან ყოველთვის პირნათლად ვასრულებდი ჩემს მოვალეობას... რა თქმა უნდა, სისტემატიურად მისმენდა მე სუს-ი".
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისის 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება 119-ე სკოლის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს 119-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ბრეგვაძე თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა. ეს ინფორმაცია არის ტყუილი. პირველ რიგში, განვმარტავთ, რომ თეა ბრეგვაძე არასდროს ყოფილა 119-ე სკოლის დირექტორი, ის გახლდათ ამ სკოლის დირექტორის მოადგილე და დროებით ასრულებდა დირექტორის მოვალეობას.
მოგახსენებთ, რომ ქალაქ თბილისის N119 საჯარო სკოლის დირექტორს, პაატა რაზმაძეს, 2020 წლის 8 სექტემბერს ამოეწურა სამეურვეო საბჭოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა, რის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შესრულება გააგრძელა დირექტორის მოადგილემ, თეა ბრეგვაძემ, როგორც დირექტორის არყოფნის, ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებულმა პირმა.
სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქალაქ თბილისის 119-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თამარ თაბუაშვილი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, დირექტორის არჩევა ან დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას, რაზეც ინფორმირებული იყო ქალბატონი თეა ბრეგვაძე.
ამდენად, ქალბატონი თეა ბრეგვაძის მიერ, პოლიტიკური ნიშნით სპეკულაცია მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შესახებ, სრულიად უსაფუძვლოა. ასევე კატეგორიულად მიუღებელია განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანის მხრიდან სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელისშეშლა და მოსწავლეთა და მასწავლებელთა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება“,- აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.