
კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის”: "მოვუწოდებთ მთავრობას, განმარტოს უკრაინელი ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების მიზეზი"
27/10/2021 12:42:57 საზოგადოება
კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.
„დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი არ შემოუშვეს. ამის შესახებ თავად გორდონი თავის Telegram-არხში წერს.
«ერთი საათის წინ ჩამოვედი თბილისში და მთელი ეს დრო პასპორტში შტამპის ჩარტყმას ველოდი საპასპორტო კონტროლის პუნქტში, ახლახანს კი ოფიციალურად განმიცხადეს, რომ ჩემთვის საქართველოში შესვლა აკრძალულია. მიზეზები არ დაუსახელებიათ. ნათლად და ცალსახად ვუკავშირებ ამას იმ ფაქტს, რომ მანამდე უკრაინის საგარეო უწყება ქართულს დაუკავშირდა და ითხოვა, ჩემთვის რუსთავის ციხეში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მოეცათ. მომხდარი საერთაშორისო სკანდალია და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი!», – წერს გორდონი.
ამ დროისთვის გორდონი და მისი მეუღე - ასევე ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან არიან გადეპორტებულები.
მოგვიანებით, მან „უკრაინა 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა":
"ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, მე კი მასთან ინტერვიუს ჩაწერა პირდაპირ ციხეში მსურდა".
მისივე თქმით, არასდროს არცერთი ქვეყნიდან არ განუხორციელებიათ მისი დეპორტაცია:
„ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია, ვარ“.
ცნობისთვის: საქართველოში არც უკრაინელი ადვოკატი შემოუშვეს, პრობლემებს უქმნიდნენ ასევე უკრაინის ომბუდსმენს.