Accentnews.ge
სიმონიშვილი – უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის თბილისში არშემოშვებაზე: "ბელარუსიზაციის ახალ ეტაპზე გადადის საქართველო”

სიმონიშვილი – უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის თბილისში არშემოშვებაზე: "ბელარუსიზაციის ახალ ეტაპზე გადადის საქართველო”

27/10/2021 12:33:34 პოლიტიკა, საზოგადოება

„ბელარუსიზაციის ახალ ეტაპზე გადადის ქვეყანა“, – ასე ეხმიანება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი უკრაინელი ადვოკატისა და ჟურნალისტის არშემოშვების ფაქტს.

სიმონიშვილის თქმით, ხელისუფლება ბუნდოვანი რეგულაციებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ბელარუსიზაციის ახალ ეტაპზე გადადის ქვეყანა. საზღვარზე არ შემოუშვეს სააკაშვილთან და მის საქმესთან დაკავშირებული პირები, მისი უკრაინელი ადვოკატი, უკრაინელი ჟურნალისტი, უკრაინის სახალხო დამცველს კი დაკითხვა მოუწყვეს აეროპორტში. ჩვენი კანონმდებლობით, შსს-ს აქვს შესაძლებლობა, დაუსაბუთებლად ან გაუგებარი დასაბუთებით არ შემოუშვას უცხოელები ქვეყანაში, ასევე გაუგებრად კი ჩვენ მოქალაქეებს უარი უთხრას ქვეყნიდან გასვლაზე. წლების განმავლობაში გვინახავს, ამ ბერკეტებს რომ იყენებდნენ სახელისუფლებო ორგანოები. ძირითადად, ეს მექანიზმები გამოიყენებოდა ე.წ. “შავ სიაში” მყოფი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც მათ არ უშვებდნენ ქვეყანაში ან შემდგომ ეუბნებოდნენ უარს ცხოვრების უფლებაზე. გარდა იმისა, რომ ამ ადამიანების უფლებები ირღვეოდა, კორუფციის სერიოზულ რისკებსაც აჩენდა, უფლების მოსაპოვებლად სხვა გზები რომ მოეძებნათ ამ ადამიანებს“, – წერს სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

სიმონიშვილის თქმით, სააკაშვილთან დაკაშვირებული ადამიანების საქართველოში არშემოშვებასთან დაკავშირებით შსს-მ განმარტება უნდა გააკეთოს:

„დღევანდელს რომ მივუბრუნდეთ, ნათლად გამოჩნდა, ამ ბუნდოვანი რეგულაციების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება თავისუფლად რომაა შესაძლებელი, ან უკრაინა შეიყვანეს იმ არაოფიციალურ “შავ სიაში”. ყველა შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ პირთა არშემოშვებაზე ვლაპარაკობთ და ყველა მათგანი სააკაშვილს უკავშირდება, ეჭვები ჩნდება, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზანი შეიძლება ჰქონდეს, შსს-ს კი ხმის ამოღება და განმარტების გაკეთება მართებს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ როგორი რთულია ამ ქვეყანაში უფლებადამცველებისთვის და ჟურნალისტებისთვის საქმიანობა. ბელარუსშიც ასე იყო“.

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი თავის Telegram-არხში წერს, რომ "მომხდარი საერთაშორისო სკანდალია და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი":

"ერთი საათის წინ ჩამოვედი თბილისში და მთელი ეს დრო პასპორტში შტამპის ჩარტყმას ველოდი საპასპორტო კონტროლის პუნქტში, ახლახანს კი ოფიციალურად განმიცხადეს, რომ ჩემთვის საქართველოში შესვლა აკრძალულია. მიზეზები არ დაუსახელებიათ. ნათლად და ცალსახად ვუკავშირებ ამას იმ ფაქტს, რომ მანამდე უკრაინის საგარეო უწყება ქართულს დაუკავშირდა და ითხოვა, ჩემთვის რუსთავის ციხეში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მოეცათ. მომხდარი საერთაშორისო სკანდალია და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილი!".

ამ დროისთვის გორდონი და მისი მეუღე - ასევე ჟურნალისტი თბილისის აეროპორტიდან არიან გადეპორტებულები.

მოგვიანებით, გორდონმა „უკრაინა 24“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "სააკაშვილთან ინტერვიუს ჩაწერა სურდა":

"ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის და სააკაშვილთან ჩემი შეხვედრის, მე კი მასთან ინტერვიუს ჩაწერა პირდაპირ ციხეში მსურდა".

მისივე თქმით, არასდროს არცერთი ქვეყნიდან არ განუხორციელებიათ მისი დეპორტაცია:

„ჩემი დეპორტაცია არასდროს არსაიდან მომხდარა, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან, რომლის მეგობარი ძალიან ბევრი წელია, ვარ“.

საქართველოში არც უკრაინელი ადვოკატი შემოუშვეს. როგორც იურისტი ევგენი გრუშოვეცი აცხადებდა, თვითმფრინავში პასპორტი ჩამოართვეს და „დეპორტირებული მგზავრი“ უწოდეს. შსს-ს ამ დრომდე არ განუმარტავს უკრაინელი იურისტის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის საფუძვლები.

სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, "ევგენი გრუშოვეცი ისე გააბრუნეს უკან, რომ ბარგიც არ გაატანეს":

„მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნის, მიგვეღო უარის დასაბუთება, რისი ვალდებულებაც კანონით აკისრია შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამგვარი უარი მას არ მისცეს და დაცინვით უთხრეს, რომ უარს, დასაბუთებას კიევში მოისმენდა და კიევში მისცემდნენ, რაც არის აბსურდი“.

ამჟამად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა იმყოფება. მან რუსთავის #12 საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემები არა მხოლოდ უკრაინელ ადვოკატს, მასაც შეექმნა.

მისი თქმით, საზღვრის კვეთის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც ქართველ და უკრაინელ კოლეგებს დაუკავშირდა.

„გუშინ 40 წუთი მკითხავდნენ, თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში და მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემომიშვეს“,– განაცხადა ომბუდსმენმა და დასძინა, რომ თემაზე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე საუბრისგან თავი იმ მოტივით შეიკავა, რომ შიშობდა, პატიმართან შეხვედრაში ხელოვნური ბარიერი არ შეჰქმნოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S