
მედია: ევროკავშირი აფხაზეთს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში ჩართვას სთავაზობს
27/10/2021 10:12:32 კონფლიქტები
აფხაზური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი აფხაზეთს საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში ჩართვას სთავაზობს. მისივე მტკიცებით, შესაბამისი წინადადებები ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა გოთფრიდ ჰანნემ 26 ოქტომბერს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესთან შეხვედრაზე გააჟღერა.
"შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო, კერძოდ, რეგიონული პროგრამა «EU4Dialogue» და ევროკავშირის პარტნიორი შემსრულებლები: კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენელი ტანია ტამიენი, DAAD-ის პროგრამის წარმომადგენელი რეულ გებჰარდი და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი ბარბრა მიუნჰგაუზენი" - იუწყება აფხაზური მედია.
«EU4Dialogue»-ის სამკომპონენტიანი პროგრამის მიზანს აფხაზეთის საერთაშორისო საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებში ჩართვა წარმოადგენს. დაურ კოვემ სტუმრებს წინადადებებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე პროექტის რეალიზების ყველა ასპექტის განხილვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი" - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.