
მედია – „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა
27/10/2021 09:42:39 მსოფლიო
რუსული კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა, – იუწყება The Financial Times.
"გაზპრომი"კიშინიოვს სთავაზობდა ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში შესწორებები შეეტანა და გადაევადებინა ბრიუსელთან შეთანხმებული ენერგეტიკული სექტორის რეფორმირება", – წერს გამოცემა.
ცნობისთვის: ქვეყნის ისტორიაში პირველად, მოლდოვამ „გაზპრომის“ ნაცვლად ბუნებრივი აირის სხვა კომპანიისგან შესყიდვის თაობაზე შეთანხმებას მოაწერა ხელი.
"რუსულ „გაზპრომთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო კომპანია „ენერგოკომმა“ პოლონეთის სახელმწიფო კომპანია PGNiG-თან გააფორმა ხელშეკრულება ქვეყანაში 1 მილიონი კუბური მეტრი გაზის იმპორტირების შესახებ. ქვეყნის ისტორიაში ეს არის „გაზპრომის“ ალტერნატიული წყაროდან ბუნებრივი აირის შეძენის პირველი შემთხვევა", – აცხადებენ მოლდოვის ხელისუფლებაში.
უცნობია, თუ რა ფასად შეიძინა ბუნებრივი აირი ქვეყანამ.
მოლდოვას „გაზპრომთან“ დადებული კონტრაქტი ნოემბრის ბოლოს ამოიწურება. შეთანხმების გაგრძელების პირობად კომპანიამ ტარიფის გაზრდა მოითხოვა, რომელიც ორჯერ აღემატება კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებულს. მოლდოვაში აცხადებენ, რომ რეგიონის ქვეყნებისგან განსხვავებული ტარიფით რუსულ გაზს არ შეიძენენ.