Accentnews.ge
რეგიონებიდან კოლონები დაიძრნენ: ვინ რა მოტივით ესწრება "ქართული ოცნების" აქციას

რეგიონებიდან კოლონები დაიძრნენ: ვინ რა მოტივით ესწრება "ქართული ოცნების" აქციას

27/10/2021 08:38:54 პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ თბილისში მასშტაბური აქციისთვის ემზადება. გვიან ღამიდან გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს სცენის და ეკრანების მონტაჟი.

აქციაში მონაწილეთა მისაღებად საქართველოს რეგიონებიდან ორგანიზებული კოლონები უკვე დაიძრნენ, როგორც თავად განმარტეს - „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოოდ დასასრულებლად“. მათთან გასაუბრებისას გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს, რომლებიც დღეს თბილისში დაგეგმილ აქციაზე იქნებიან წარმოდგენილნი, 1-2–დღიანი შვებულება აქვთ აღებული. ამას ადასტურებენ როგორც თავად, ისე, მაგალითად, გორის მერიაშიც, რომლის წარმომადგენლები სხვებთან ერთად კულტურის ცენტრთან შეიკრიბნენ.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რატომ იღებენ საჯარო მოხელეები მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას, მით უფრო სამუშაო საათებში და ხორციელდება თუ არა მათზე ზეწოლა.

„მერია არაა პარალიზებული, თანამშრომლები არიან დარჩენილები. ვერავის ავუკრძალავდით აქციაში მონაწილეობას. ვინც გამოთქვა წამოსვლის სურვილი, ყველანი მოდიან და კანონის ფარგლებში მოქმედებენ – მათ ერთდღიანი შვებულება დაწერეს. ძალიან ბევრი მსურველია“,– განაცხადა თემის კომენტირებისას გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა.

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ჟორჟოლიანი კი დედაქალაქის მაგალითზე ირწმუნება, რომ აქციაში მონაწილეობისთვის შვებულება არავის აუღია და ღონისძიებას, მათ შორის, რეგიონებიდან მხარდამჭერები ესწრებიან.

ქართულ ოცნებას“ ადამიანების მობილიზება არ სჭირდება. თუ ადამიანები თვლიან, რომ აქ უნდა იყვნენ, იქნებიან. ისინი შეიძლება, იყვნენ საჯარო მოხელეებიც, ისევე, როგორც ენმ–ის აქციაზე შეიძლება, ყოფილიყვნენ წარმოდგენილი საჯარო მოხელეები - და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თბილისის საკრებულო ჩვეულებრივ მუშაობს. არც არავის დაუწერია ამ აქციისთვის შვებულება“.

მოგვიანებით მან თავის კომენტარში ცვლილება შეიტანა:

„დაწერა თუ არა ვინმემ შვებულება - ამას ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფ“.

კოლონები დაიძრნენ ჭიათურიდანაც. მათ შორის მრავლად ფიქსირდებიან მაღაროელები. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ჯორჯიან მანგანეზმა“ სპეციალურად 27 ოქტომბრის ღონისძიებისთვის რამდენიმე მაღაროში მუშაობა ერთი დღით შეაჩერა.

„ჩემი სურვილითაც ხდება [თბილისში გამგზავრება აქციაში მონაწილეობის მიზნით – რედ.] და უფროსობის სურვილითაც“,– განუცხადა ჟურნალისტებს ერთ–ერთმა მაღაროელმა.

მოქალაქეთა მობილიზება მიმდინარეობდა ქუთაისშიც, სადაც ასევე დააფიქსირეს საჯარო მოხელეები, თუმცა მათ განმარტეს, რომ სამდღიანი შვებულება აქვთ აღებული. ხოლო ერთ–ერთმა მოქალაქემ, რომელიც ასევე გამოემგზავრა თბილისში, განაცხადა, რომ "ილია მართლის დაბადების დღესთან დაკავშირებით საფლავზე სანთლის დასანთებად მიდის და შემდეგ მიტინგზეც მივა“.

ანალოგიური ტენდენცია დააფიქსირეს სამეგრელოში, კახეთში, აჭარაში. სამარშრუტო ტაქსის ერთ–ერთმა მძღოლმა, რომელმაც ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოქალაქეები გადმოიყვანა, ჟურნალისტებთან კომუნიკაციისას განაცხადა, რომ თბილისში გამგზავრება „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა შესთავაზა. მას მომსახურების ანაზღაურების ოდენობა ჯერ დაზუსტებული არ აქვს, თუმცა ვარაუდობს, რომ 500–600 ლარს მიიღებს.

მოქალაქეთა ნაწილი ჟურნალისტებთან აქციაზე დასწრების მოტივთან დაკავშირებით გასაუბრებისგან თავს იკავებს, ნაწილი აგრესიულობით გამოირჩევა, ნაწილი კი გამარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი:

„აქციაზე მივდივარ, რადგან მინდა, მშვიდობა იყოს. იმედი გვაქვს. წლებია, ბინა არ მოგვცეს, საცხოვრებელი არ მოგცეს, მაგრამ მაინც ამათი იმედი მაქვს და მივდივარ. იქნებ რაღაც იქნეს. "მოითმინეთო" და ვითმენ“,– განმარტა ზუგდიდელმა ქალბატონმა.

ეს ფაქტები უკვე მოექცა არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში.

იურისტები კი განმარტავენ, რომ სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების პარტიულ ღონისძიებაზე დასწრების ორგანიზებით კანონი ირღვევა. ამასთან, მათივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხორციელდება თუ არა მათზე ზეწოლა და თითოეული ფაქტი შესწავლას მოითხოვს, რაც მოგვიანებით მათ ანგარიშებშიც აისახება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S