სამხედროების მიერ დაკავებული სუდანელი პრემიერი რეზიდენციაში დაბრუნდა
27/10/2021 07:25:11 მსოფლიო
სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ხამდუკი, რომელიც სამხედროებს გადატრიალების ფაგრლებში ჰყავდათ დაკავებული, გათავისუფლებულია და ხართუმში მდებარე რეზიდენცაში დაბრუნდა. ამჟამად იგი ოჯახთან ერთად გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება, - იუწყება პრემიერის კანცელარია.
მისივე ინფორმაციით, ხამდუკს წუხელ ტელეფონით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესაუბრა.
მანამდე მის გათავისუფლებას მოითხოვდა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში, ხოლო სუდანის საკითხებზე მომუშავე "ტრიომ" (აშშ, ბრიტანეთი, ნორვეგია) სამხედროებს სუდანის ყველა პოლიტიკური ხელმძღვანელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
25 ოქტომბერს პრემიერის დაკავების შემდეგ სამხედროებმა მთავრობის დათხოვნის შესახებ გამოაცხადეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს. ამასთან, მათმა ლიდერმა განაცხადა, რომ სამხედროები დემოკრატიის დამკვიდრებას ემხრობიან და 2023 წელს არჩევნების ჩატარების პირობა დადო.


