ჯანმო - ევროპაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა
27/10/2021 06:10:04 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ–ინფიცირების 2.9 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 413 ადამიანი.
ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირას, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევები 4%-ით, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ევროპის რეგიონში უკვე მეოთხე კვირაა დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა იზრდება. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე კვირაში 18%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 512 956 შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო 330 465 შემთხვევით, მესამე ადგილზეა რუსეთი, სადაც გასული კვირის განმავლობაში ინფიცირების 248 956 შემთხვევა დადასტურდა, მეოთხე და მეხუთე ადგილზე კი თურქეთი და უკრაინა არიან, 196 850 და 134 235 შემთხვევით.


