მსხვერპლი, ევაკუირებული საავადმყოფო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა – იტალიაში სტიქიას ებრძვიან (ვიდეო)
26/10/2021 18:26:13 მსოფლიო
იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ქალაქ კატანიას ძლიერი შტორმი დაატყდა თავს, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, 53 წლის მამაკაცის ცხედარი კატანიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ გრავინაში, ქუჩაში წყალში მოტივტივე ავტომანქანის ქვეშ იპოვეს. მისივე ინფორმაციით, კატანიასთან ახლოს მებარე ქალაქ სკორდიაში ქუჩაში მოვარდნილმა წყალმა ცოლ–ქმარი გაიტაცა. 67 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ხოლო მის 54 წლის მეუღლეს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
წყალდიდობამ საავტომობილო გზები და სახლები დააზიანა. ქალაქ კატანიის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დახურულია სკოლები როგორც კატანიაში, ისე მის მიმდებარედ არსებულ ქალაქებში.
La Repubblica-ს ცნობით, წყალდიდობის გამო კატანიის გარიბალდის საავადმყოფოს ნაწილიდან პაციენტთა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონის მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"სტიქია უპრეცედენტოა. გავეცი ბრძანება, რომ კატანიაში ყველა ბიზნესი დაიხუროს (გარდა ძირითადი სერვისებისა) 2 ნოემბრამდე. მოსახლეობას მოვუწოდებ, გადაუდებელი მიზეზების გარდა, სახლიდან არ გამოვიდნენ", – წერს კატანიის მერი სალვო პოგლიეზე სოციალურ ქსელში.

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმები და ქარიშხალი მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება და სიცილიის გარდა, კალაბრიის მოსახლეობასაც აფრთხილებენ.
ამინდის ვებ–საიტ iLMeteo–ს ცნობით, ქარიშხალი მოსალოდნელია ეტაპობრივად გაუარესდეს მთელი კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვება ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ხუთშაბათსა და პარასკევს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, ადამიანის აქტივობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება ექსტრემალურ ამინდს უფრო ხშირ და ინტენსიურს ხდის.


