
ექიმები სააკაშვილის მრავალპროფილიან კლინიკაში მყისიერ გადაყვანას ითხოვენ: "რეანომობილმა შეიძლება, ვერც მოუსწროს"
26/10/2021 15:33:52 საზოგადოება
ექიმებმა ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ყოფილი პრეზიდენტი მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში.
ექიმების თქმით, სააკაშვილი შიმშილობის 25 დღეს უკვე არის კრიტიკულ მიჯნაზე და შესაძლოა, მისი გადარჩენა ვერც მოხდეს რეანიმაციაში განთავსებისას.
"ბატონი მიხეილი უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ. გაფრთხილებთ, რომ ეს უკვე ისეთი ზღვარია, მოცდას აღარ ექვემდებარება. ეს ისეთი საშიში რისკია, რომლის გაწევაც არ ღირს. სააკაშვილი დაუყოვნებლივ არის გადასაყვანი კლინიკაში", - თქვა ბრიფინგზე ეკატერინე მხეიძემ.
იგი სააკაშვილის და მისი ოჯახის პირადი ექიმია ჰოლანდიაში 2018 წლიდან და როგორც თავად ამბობს, კარგად იცნობს მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მხეიძე თბილისში სპეციალურად მიხეილ სააკაშვილზე ზრუნვისთვის ჩამოვიდა.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის თანდაყოლილი დაავადებები და პათოლოგიები, რომლებიც ნორმალური მკურნალობისა და მართვის შემთხვევაში შეიძლება არც ჩაითვალოს პრობლემად, მაგრამ ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ არის დიდი რისკი. ის შეიძლება ღამე, მაგალითად, როცა საკანში მარტოა, ისე ცუდად გახდეს, ვერც გაიგონ. რეანომობილმა შეიძლება ვერც მოასწროს. არსებობს სპეციალური კონვენცია მოშიმშილე პატიმრების შესახებ და ეს, რაც ხდება, არის ყველა კონვენციის და ყველაფრის დარღვევა, რაც ხდება", - აცხადებს მხეიძე.
ენმ-ის წევრის სოფო ჯაფარიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს 24-საათიანი მონიტორინგი სჭირდება მაღალკვალიფიციურ, მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში:
"არც ახლა და არც არასოდეს, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არ არის დრო პოლიტიკური ანგარიშსწორების. დღევანდელი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს მყისიერ, გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას პოლიპროფილურ კლინიკაში, რაც დღეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის საჭიროებს ყოველდღიურ, 24-საათიან მონიტორინგს და მაღალკვალიფიციურ მონიტორინგს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მრავალპროფილურ კლინიკაში, რაზეც შეთანხმდა სწორედ კონსილიუმი... ეს რესურსი ციხის სამკურნალო დაწესებულებას, სამწუხაროდ, არ გააჩნია".
ექიმმა-რეანიმატოლოგმა გოჩა გორგოძემ განაცხადა, რომ "სააკაშვილი ც კატეგორიის კლინიკაში დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ":
"ეს არის ცეცხლთან თამაში. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ინტენსიური თერაპია, რომ არ მივიდეთ რეანიმაციამდე და თუკი მაინც მივედით რეანიმაციამდე, უნდა იყოს კლინიკა მზად ნებისმიერი დრამატული დამძიმების შემთხვევეში რეაგირებისთვის. რეანიმაციულ ღონისძიებამდე მისვლა იქნება კატასტროფა - დიდი ალბათობით, ის იქნება წარუმატებელი. დაუყოვნებლივ უნდა გადავიყვანოთ პაციენტი ც კატეგორიის კლინიკაში".
ექიმი ლევან ქაცარავას თქმით, 26 დღე მოშიმშილე პაციენტი ეს არ არის ჩვეულებრივი პაციენტი:
"სამარტოო საკანში მოხდება ისეთი რამ, რასაც ვეღარ შევცვლით. 26 დღე მოშიმშილე პაციენტი ეს არ არის ჩვეულებრივი პაციენტი. ეს არის პაციენტი, რომელსაც ჭირდება ყოველ ორ საათში დაკვირვება და გართულების გამოვლინების შემთხვევაში მყისიერი მოქმედება".
ამავე ბრიფინგზე "ლელოს" წევრმა ვატო სურგულაძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ირღვევა ყველა ის საერთაშორისო კონვენცია და ილახება უფლება, რაც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული მოშიმშილე პატიმრების შემთხვევაში.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.