
NGO-ები ხელისუფლებას: "სრულად გაითვალისწეთ ექიმებისა და ომბუდსმენის რეკომენდაციები სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე"
26/10/2021 10:48:07 პოლიტიკა, საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ეს საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.
არასამთავრობოები წერენ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული და კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს შესაბამისი პერსონალითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაკომპლექტებულ საავადმყოფოში. ხოლო სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, N18 დაწესებულება (ე.წ. ციხის საავადმყოფო) სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ამასთანავე, მიხეილ სააკაშვილის იქ მოთავსება უსაფრთხოების გარკვეულ რისკებს შეიცავს.
"ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხზე მსჯელობისას სრულყოფილად გაითვალისწინოს ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფისა და საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნა და რეკომენდაციები და ჰოსპიტალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ისე, რომ მის მიმართ, სრულად გამოირიცხოს როგორც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, უსაფრთხოების ყველა რისკი", - წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
- დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
- ადამიანის უფლებების ცენტრი (HRC)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
- ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
- საზოგადოება და ბანკები
- საფარი
- ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
- ცენტრი „ემპათია“
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)