თურქეთში ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი რუსი ტურისტები დააკავეს
26/10/2021 10:32:58 მსოფლიო
თურქეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა პოლიციის მიერ დაკავებულ 7 რუს ტურისტს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ანტალიის შემოგარენში, ტყეში ხანძრის გაჩენაში, წინასწარი განზრახვის გარეშე.
ტურისტების დაკავება დაადასტურა რუსეთის საკონსულომ ანტალიაში.
თურქული მედიის ინფორმაციით, რუსმა ტურისტებმა ტყეში კარავი გაშალეს და კოცონი დაანთეს, რასაც მოჰყვა ხანძარი და მის ჩასაქრობად საჭირო გახდა ვერტმფრენების გამოძახება. თავის მხრივ, რუსეთის მოქალაქეები ამტკიცებენ, რომ ტურისტულ მარშრუტზე ხანძარს წააწყდნენ, მის ჩაქრობას ცდილობდნენ და სახანძრო სამსახურიც თავად გამოიძახეს. რუსი ტურისტები ერთთვიან პატიმრობაში დარჩებიან წინასასამართლო გამოძიების დასრულებამდე.


