
ბურჭულაძის განცხადებით, იგი ქუთაისის საოპერო თეატრში არ შეუშვეს
26/10/2021 10:03:22 პოლიტიკა, საზოგადოება
საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, იგი ქუთაისის საოპერო თეატრში არ შეუშვეს.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, მუსიკოსებსა და მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრა მოულოდნელად ჩაიშალა.
„ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნო საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით, რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი, საჭირო გახდა დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა ინება ჩემთან შეხვედრა. არ იღელვოთ ჩემო მეგობრებო, ესეც გადაივლის და მე აუცილებლად მოვალ თქვენთან და რითაც შემეძლება გვერდით დაგიდგებით“, - წერს ბურჭულაძე.
მოგვიანებით, საოპერო მომღერლის განცხადებას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინა ლომინაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "საუბარი არ ყოფილა შენობაში შესვლასა და დასის გაცნობაზე".
„ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში. მე ვუთხარი, როგორც მსოფლიო ბანს ჰქონდა ჩემი უდიდესი პატივისცემა და ბედნიერი ვიქნები, თუ ოდესმე იმღერებს ჩემს თეატრში, მაგრამ, როგორც პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს, მე არ შევხვდებითქო. ეს არის ჩემი უფლება. მე არ ვცემ იმ პარტიას პატივს, რომელი პარტიის გვერდითაც დგას პაატა ბურჭულაძე. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძეს. როგორ გგონიათ, მას ეთქვა, რომ შეხვედრა სურდა დასთან და მე ამის დაშლის უფლება მქონდა?", -აცხადებს ლომინაძე.