იაპონიის პრინცესამ რიგით მოქალაქეზე ქორწინების გამო ეს სტატუსი დაკარგა
26/10/2021 09:55:20 მსოფლიო
იაპონიის პრინცესა მაკო არატიტულოვან ვაჟს - რიგით იაპონელ კეია კომუროს გაჰყვა ცოლად, რის გამოც პრინცესას სტატუსი დაკარგა, - იუწყება გამოცემა NikkeiAsia.
მაკო იმპერატორ ნარუხიტოს ძმისშვილია. კომურო მან 2012 წელს უნივერსიტეტში გაიცნო. დაქორწინება წყვილმა 5 წელიწადში გადაწყვიტა. თუმცა მაშინ ქორწინების გადავადება გადაწყდა სკანდალის გამო, რომელიც მისი სადედამთილოს ვალებს უკავშირდებოდა: როგორც გაირკვა, ქალბატონს იმპერატორის ოჯახის ვალი დაუგროვდა 4 მლნ იენის (34 ათასი დოლარის) ოდენობით.
2018 წლის აგვისტოში კომურო სამუშაოდ აშშ-ში გაემგზავრა, სამშობლოში კი გასულ კვირას დაბრუნდა.
წყვილმა ხელი პომპეზური ცერემონიების გარეშე მოაწერა. მაკომ უარი განაცხადა კომპენსაციის სახით კუთვნილ 153 მილიონ იენაზეც (1,35 მლნ დოლარზე) ქორწილის გასამართად. როგორც ამასთან დაკავშირებით ВВС News აღნიშნავს, იგი პირველ პრინცესად იქცა, რომელმაც ტრადიციები დაარღვია.
ცერემონიის შემდეგ წყვილი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პირველად წარსდგა პრესის წინაშე. ახალგაზრდებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს და ჟურნალისტების კითხვებიდან შერჩეულ ხუთს წერილობით უპასუხეს.
როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, წყვილს პასუხების წერილობით ფორმაზე შესაძლოა, პრინცესას ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეეჩერებინა არჩევანი: მაკომ მძიმედ განიცადა სკანდალი, რომელიც მისი დედამთილის ვალების ირგვლივ აგორდა. ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა წყვილი მუდმივი თავდასხმების სამიზნედ იყო ქცეული ტაბლოიდებში, თოქ-შოუებსა და სოცქსელებში.
მაკოს მშობლებმა - პრინცმა ფუმიხიტომ და პრინცესა კიკომ განაცხადეს, რომ მათი უფროსი ქალიშვილის ეს ქორწინება "უპრეცედენტო შემთხვევაა იმპერატორის ოჯახში" და იმედი გამოთქვეს, რომ მაკო ბედნიერ ოჯახს შექმნის.
ვინაიდან იაპონიის იმპერატორის ოჯახის წევრებს პასპორტები არ გააჩნიათ, მაკოს დოკუმენტების მისაღებად განაცხადის წარდგენა მოუწევს. ამის შემდეგ, გეგმის თანახმად, ოჯახი საცხოვრებლად გადავა აშშ-ში, სადაც კომურო იურიდიულ კომპანიაში მუშაობს.
იაპონური კანონმდებლობის თანახმად, თუ არატიტულოვან მოქალაქეს გაჰყვება ცოლად, პრინცესა იმპერატორის ოჯახის წევრის სტატუსს კარგავს. აღსანიშნავია, რომ პრინცებზე იგივე კანონი არ ვრცელდება.


