
თურქეთის პრეზიდენტმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა
26/10/2021 06:00:52 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყნიდან უცხოელი ელჩების გაძევება გადაიფიქრა.
"საელჩოების მიერ დღეს გაკეთებული ახალი განცხადებები ჩვენი ქვეყნისა და ერის მიმართ ცილისწამებისგან უკან დახევა იყო. მჯერა, რომ მომავალში ეს ელჩები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას", - განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, თურქეთის მიზანი კრიზისის შექმნა არ არის:
"ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კრიზისების შექმნა. ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის უფლებების, კანონების, პატივისა და სუვერენიტეტის დაცვა", - დასძინა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის: 23 ოქტომბერს ერდოღანმა აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის და შვედეთის ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მას შემდეგ მოითხოვა, რაც დიპლომატებმა ერთობლივი განცხადებით თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, პატმრობიდან დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა თურქი ბიზნესმენი ოსმან კავალა. ერდოღანმა დიპლომატების ეს განცხადება თურქეთის და მისი ხალხის საწინააღმდეგო ქმედებად და უპატივცემულობად შეაფასა.
მოგვიანებით, ხსენებული ქვეყნების საელჩოებმა გაავრცელეს განცხადებები, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იცავენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც დიპლომატებს მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების დაცვას, ასევე ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას ავალდებულებს.