
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მეორე დოზით აცრის შესახებ მედიას შეატყობინებს
25/10/2021 11:10:00 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მედიას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, როდის გეგმავდა იგი მეორე აცრის გაკეთებას.
„საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და ამის გასაჯაროვება არ შეიძლება. პირველ დოზაზე იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე, თუმცა ეს არღვევს აბსოლუტურად ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ 23 მარტს აიცრა. მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა. მოგვიანებით, 1 ივნისს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. სრულად ვაქცინირებულად ითვლება ადამიანი, რომელიც კორონავირუსის ორ დოზა ვაქცინას იკეთებს. ჯანდაცვის მინისტრმა პირველი აცრა 7 თვის წინ გაიკეთა, მისი ინფიცირებიდან კი 4 თვეზე მეტია გასული.