
"კონსოლიუმის დასკვნაში სამოქალაქო კლინიკაზე საუბარი არ ყოფილა"
25/10/2021 08:28:52 პოლიტიკა, საზოგადოება
იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნაში სამოქალაქო კლინიკაზე საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ სასჯელაღსრულების #18 დაწესებულება მზადაა.
„ბოლო დასკვნაც, რაც კონსილიუმმა დადო, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ დასკვნაში საუბარია შემდეგზე, რომ თუ გახდება ჰოსპიტალიზაცია საჭირო, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაზეც ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტიც საუბრობს, არ ყოფილა. რაც შეეხება კითხვას, სად იქნება გადაყვანილი და შეესაბამება თუ არა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულება განსაზღვრულ სტანდარტებს, რაც დადგენილია მულტიფუნქციური კლინიკისთვის, გიპასუხებთ შემდეგს: გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება პაციენტის მისაღებად მზადაა", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ექიმმა ზურაბ ფაღავამ კონსილიუმი დატოვა. მან მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემა დაასახელა.
ფაღავა აცხადებს, რომ კონსოლიუმში დატოვა რეკომენდაციები, რა ტიპის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ ყოფილი პრეზიდენტი.
მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს კონსილიუმის სრული შემადგენლობა ეთანხმება.
"კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დავტოვე. ამ თვის დასაწყისში კოვიდი გადავიტანე. მეგონა, კარგად ვიყავი და მართლაც კარგად ვგრძნობდი თავს. ბოლოს ვიგრძენი, რომ მოსაწესრიგებელი ვარ. რეკომენდაციები დატოვებულია. იუსტიციის მინისტრს შევხვდი მხოლოდ ერთხელ. ჩვენ მათ ავუხსენით რას გულისხმობს პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაცია და იმათმა ჩაინიშნეს, რომ შეარჩიონ კლინიკა. ჩვენი დასკვნა დავწერეთ და ხელი მოვაწერეთ. იქ ცალსახად წერია, რომ მდგომარეობის ასეთი და ასეთი განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია მრავალპროფილურ, მაღალკვალიფიციურ კლინიკაში",- აცხადებს ფაღავა.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.