
"კლინიკების ასოციაცია" – ღარიბაშვილს: "სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნა დანაშაულია"
25/10/2021 08:23:23 საზოგადოება
"საქართველოს კლინიკების ასოციაცია" ექს–პრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართავს.
ასოციაცია აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილურ კლინიკაში, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, პასუხისმგებლობა პირადად პრემიერსაც დაეკისრება.
ღია მიმართვაში აღნიშნულია, რომ როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნას, ეს დანაშაულია და დაუშვებელია.
"საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში შიმშილობიდან გავიდა 24 დღე, რის შედეგად შესაძლებელია, მას განუვითარდეს პოლიორგანული ფუნქციების დარღვევა, რაც თავისთავად გულისხმობს რამდენიმე ორგანოსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის სისტემის ერთობლივ დაზიანებას, მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე აუცილებელია თანმიმდევრული დიაგნოსტიკა და მონიტორინგი, რისთვისაც საჭიროა ჩატარდეს მაღალტექნოლოგიური კვლევები და მულტიპროფილური სტაციონარული მკურნალობა, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების უწყვეტი ჩართულობით. საქართველოს კლინიკების ასოციაცია გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული პროცედურების განხორციელება, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური არჭურვილობის არ არსებობის გამო, ციხის საავადმყოფოს პირობებში სამწუხაროდ შეუძლებელია. ბატონო პრემიერო, გვსურს ოფიციალურად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მარავალპროფილური, მაღალკვალიფიციური და მაღალტექნოლოგიური კლინიკის ბაზაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამედიცინო რეაგირება დაგვიანდება და მის სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, რაზედაც პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად დაგეკისრებათ პირადად თქვენ. პატივს ვცემთ ადამიანის პროტესტის გამოხატვის ყველა ფორმას, მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლისათვის განზრახ საფრთხის შექმნას, ეს დანაშაულია და დაუშვებელია. გთხოვთ, შექმნილი ვითარება შეფასდეს ადექვატურად და მიღებულ იქნას ოპტიმალური გადაწყვეტილება", – ნათქვამია მიმართვაში.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.