საქსტატი – ახალი საცხოვრებელი ბინები და სახლები თბილისში შარშანდელთან შედარებით, 8.9%-ით გაძვირდა
25/10/2021 07:58:00 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, თბილისში ახალი საცხოვრებელი ბინები და სახლები 2021 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალოდ, 8.9%–ით გაძვირდა.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში — კერძო სახლებზე 13.5 %–ით, ხოლო ბინებზე 7.3%–ით.
"მიმდინარე წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.5 პროცენტით შემცირდა, თუმცა ინდექსის წლიურმა ზრდამ 8.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოს მონაცემთან შედარებით, ინდექსი 6.2 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ს დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს", – აცხადებენ საქსტატში.
RPPI ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს თბილისში. ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ინდექსის გასაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მისაღებად საქსტატი ახდენს მონაცემებთა შეგროვებას საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან. მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით. ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი წარმოადგენს ე.წ. „შეთავაზების“ ფასს (offer price).
RPPI-ს გასაანგარიშებლად საქსტატის იყენებს „მახასიათებლების ჰედონურ მიდგომას“, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული მიდგომის მიხედვით, RPPI ასახავს „ტიპიური“ საცხოვრებლის ფასის დროში ცვლილებას.


