
"აბსურდის თეატრში ვართ!“ – მძიმე ეპიდვითარება და აცრის კრიტიკულად დაბალი მაჩვენებელი
24/10/2021 08:45:14 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ–ინფიცირების ახალი შემთხვევების და ვირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაცვალების რაოდენობა კვლავ მაღალია: ბოლო 24 საათში ვირუსმა კიდევ 43 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო ჯამში – 9 742.
„ეპიდსიტუაცია საგანგაშოა, ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა!“,– ამბობს ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე.
NCDC–ს დირექტორ ამირან გამყრელიძის შეფასებით კი, ქვეყანაში ვირუსის მე–5 ტალღა ინფიცირების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებლებით დაიწყო.
ამ ფონზე დრამატულად დაბალს უწოდებენ საქართველოში ვაქცინაციის ტემპს, რომელიც პირბადის ტარებასა და ჰიგიენის დაცვასთან ერთად კორონავირუსის „დელტა შტამისგან“ (რომელიც გავრცელების სწრაფი უნარით ხასიათდება) თავის დაცვის ერთადერთ გზად სახელდება: ქვეყანაში ჯამში 1 948 787 აცრა ჩატარდა, დღიურად აცრილია 4 209 ადამიანი.
„აბსურდის თეატრში ვიმყოფებით! ზოგჯერ მგონია, რომ ეს სიზმარია: საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და რომ მე–5 ტალღა უფრო მძიმე იყოს, ამბობს რა კატეგორიულ უარს ვაქცინაციაზე“,– დასძენს ცერცვაძე.