
ცერცვაძე მოქალაქეებს შესაძლო შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს
22/10/2021 15:51:14 საზოგადოება
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი კატასტროფულს უწოდებს ვაქცინაციის მკვეთრად შენელებულ ტემბს და კვლავ იმეორებს, რომ „საქართველოს მოსახლეობა საბოტაჟს უწყობს საკუთარ ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას“
მისი თქმით, ვაქცინაციის მსგავსი ნელი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, სახელმწიფო ისევ მოუწევს შეზღუდვების შემოღება.
„ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა არის 4-5 000, რაც არის მიზერი, კატასტროფა. აქედანაც მეორადი აცრებია ძირითადად. ეს უკვე ანტივაქსერული განწყობა არ არის. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას, თავის სიცოცხლის რისკებს ზრდის და საბოლოო ჯამში, ქვეყანას. ვინაიდან, თუ ასე გაგრძელდა, ისევ იძულებული გახდება სახელმწიფო, რომ შემოიღოს შეზღუდვები. ეს გამოიწვევს მოსახლეობის კეთილდღეობის შემცირებას. მეორე, კატეგორიულად დაბალია პირბადის ტარების მაჩვენებელი. კატეგორიულად არ ამბობს უარს მოსახლეობა ხალხმრავალ შეკრებებზე და ამას დაემატა პოლიტიკური შეკრებები. მოსახლეობა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა შემოვბრუნდეთ ვაქცინაციისკენ. საშინელი გავლენა მოახდინა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ანტივაქსერი ექიმის განცხადებებმა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ამასთან, როგორც ცერცვაძე ამბობს, ტესტირება „ჯერჯერობითფასიანი არ გახდება, მერე – ვნახოთ“:
„ორნაირი რეაგირება შეიძლება, მოახდინოს სახელმწიფომ: გაამკაცროს შეზღუდვები და სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს. განიხილება, მაგრამ უარყოფილია. ანუ ჯერ არ არის მზაობა იმისკენ, რომ დააწესოს სავალდებულო ვაქცინაცია ცალკეული ჯგუფებისთვის, პირველ რიგში, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ. საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია, იტალია ნაკლებად დემოკრატიული ქვეყნებია? მაგრამ იძულებული გახდნენ, რომ შემოეღოთ. მიმაჩნია, რომ ან მოსახლეობა გათავისუფლდება ამ სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი 4000–ს სცდება. მაღალია ყოველდღიურად კოვიდით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილთა რაოდებობაც: ვირუსმა საქართველოში ჯამში 9 657 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქვეყანაში სულ ჩატარდა 1 938 274 აცრა, დღიურად აცრილია - 5 309.