Accentnews.ge
პრემიერის მრჩეველი: "ვფიქრობ, საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია"

პრემიერის მრჩეველი: "ვფიქრობ, საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია"

22/10/2021 14:05:19 ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი მიიჩნევს, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის პერიოდი დასრულებულია. ამის შესახებ მან Forbes Talks-თან ისაუბრა.

მისი თქმით, ამის მიზეზი საქართველოში ამ ტიპის პროექტების მიმართ არსებული წინააღმდეგობებია, ალტერნატივად კი ჰუდაკი მზის და ქარის ენერგიების ფართომასშტაბიან ათვისებას ხედავს:

“ჩემი პირადი განცდაა, რომ საქართველოში დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტების დრო დასრულებულია. ამას ვამბობ, იქიდან გამომდინარე, რაც ხდება ქვეყანაში და რამდენად დიდია ადგილობრივი წინააღმდეგობა ამ ტიპის პროექტების მიმართ. პოტენციურად, მომავალს ვხედავ უფრო მცირე ზომის ჰიდროენერგოსადგურების მშენებლობაში და ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში – განსაკუთრებით, მზისა და ქარის ენერგიების მიმართულებით. ამისთვის დაგვჭირდება სისტემური ბალანსის მიღწევა. დიდი პროექტი, რომელშიც მეც ვარ ჩართული დღეს, ეხება ენერგიის შენახვის სისტემის განვითარებას საქართველოში, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული”, – განაცხადა ჰუდაკმა [Forbes Talks-ის თარგმანი].

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის შეფასებით, მნიშვნელოვანია, საქართველომ ენერგიის შენახვისთვის, ბატარეების ინდუსტრიაც განავითაროს და შესაბამისი შემნახველი სისტემები შექმნას.

“მიმაჩნია, რომ მომავალში ინვესტორს, რომელიც საქართველოში მზისა და ქარის ენერგიაში ინვესტირებით დაინტერესდება, უნდა დაევალოს ასეთი სისტემის აშენება. სისტემა ელექტროენერგიას შეინახავს, როცა მიწოდება იქნება მაღალი და ამით მივიღებთ სისტემურ ბალანსს. პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ისიც განვიხილე, რომ თუ ბატარეების შემნახველი სისტემის არსებობის პირობებში, ბატარეებზე დიდი შიდა მოთხოვნა იქნება - ამას საქართველოში ბატარეების წარმოებისთვის გამოვიყენებთ. დღეს ბატარეების წარმოება გლობალური ეკონომიკის ახალი სეგმენტია და ვფიქრობ, საქართველომ სწორედ ასეთი ახალი სეგმენტების იდენტიფიცირება უნდა შეძლოს და ამ სეგმენტებში თავის უნიკალურ ნიშას მიაგნოს. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. ამდენად, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, როგორც ბატარეების ჰაბზე. ამავე თემაზე ვესაუბრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსაც, რომელიც ჩემი თანამემამულეა, რომ ერთგვარი აკადემია შევქმნათ, უნარები განვავითაროთ, ხოლო როცა ამ ინდუსტრიაში უნარებს დავაგროვებთ, შეგვიძლია უკვე ბატარეების გადამუშავებაზეც ვიფიქროთ. ცირკულარული ეკონომიკის ელემენტი შემოვიტანოთ, რაც სრულ ხაზს გულისხმობს - წარმოება, უნარები და ა.შ,”- ამბობს ვაზილ ჰუდაკი.

2021 წლის სექტემბერში ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ განაცხადა, რომ სახელშეკრულებლო პირობების დარღვევების და ფორს-მაჟორული ვითარების გამო, $800-მილიონიანი პროექტის განვითარებას წვყეტს და მთავრობასთან არსებულ ხელშეკრულებას მოშლის. კომპანიის გადაწყვეტილება მთავრობის მიერ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულ მორატორიუმს და მრავალთვიან პროტესტს მოჰყვა.

გაჩერებულია ხუდონჰესის 702-მეგავატიანი ჰესის პროექტიც. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად პროექტის ინვესტორთან Trans Electrica BVI-სთან ხელშეკრულების შეჩერების პროცესი მიმდინარეობს.

თითქმის შეჩერებულია “ნენსკრაჰესის” ჰიდროელექტროსადგურის განვითარებაც, რომელზეც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღიათ. სწორედ EIB-ის, ADB-ის და EBRD-ის სესხებია აუცილებელი, რათა პროექტი აშენდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S