
კალიურანდი – ღარიბაშვილზე: "პოლარიზებული განცხადებები არ შედის არც საქართველოს შიდა პოლიტიკის და არც ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობის ინტერესებში"
22/10/2021 09:13:01 პოლიტიკა
"ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერის მიერ გაკეთებული პოლარიზებული განცხადებები არ შედის არც საქართველოს შიდა პოლიტიკის და არც ევროკავშირთან ქვეყნის ურთიერთობის ინტერესებში", – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას , რომლის თანახმად, "საქართველო ვერც ფოტიგას და ვერც კუბილიუსის ჭკუით ივლის და, რომ ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს".
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, ქვეყნის ინტერესები პარტიულზე მაღლა დააყენონ.
"ყველა პოლიტიკურ ლიდერს კვლავ მოვუწოდებ, საქართველოს ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა დააყენონ და ყურადღება გაამახვილონ ქვეყნისა და ხალხის წინაშე თავიანთი პასუხისმგებლობის შესრულებაზე“, – განუცხადა კალიურანდმა "აქცენტს".
მისი თქმით, ბრიუსელში ელიან, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით კანონის უზენაესობის ყველა პრინციპი დაცული იქნება:
"ევროდეპუტატებს, რა თქმა უნდა, საკუთარი განცხადებების გაკეთება თავისუფლად შეუძლიათ. მეც მთხოვეს ამ წერილზე ხელის მოწერა, მაგრამ მე ეს არ ვარჩიე. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რას ამბობენ და აკეთებენ ქართველი ოფიციალური პირები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამავდროულად თვალს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს. საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და შესაბამისად, ველით, რომ კანონის უზენაესობის ყველა პრინციპი და სამართლიანი სასამართლო პროცესი ამ საქმეში დაცული იქნება".