Accentnews.ge
"ეს შემოთავაზება მკრეხელობაა! ამ საკითხებს თბილისი არ წყვეტს!" - აფხაზური ეკლესიის პასუხი საქართველოს საპატრიარქოს

"ეს შემოთავაზება მკრეხელობაა! ამ საკითხებს თბილისი არ წყვეტს!" - აფხაზური ეკლესიის პასუხი საქართველოს საპატრიარქოს

22/10/2021 08:01:40 კონფლიქტები

"აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლმა, მამა ბესარიონმა (აფლიამ) საქართველოს საპატრიარქოს მოწვევას უარით უპასუხა.

აფხაზური ტელევიზიის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ მან საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას "მკრეხელობა" უწოდა.

«ეს როგორ? – ეს საკითხები თბილისში უნდა ვაგვარო?! ამ საკითხებს თბილისი არ წყვეტს. ეს საკითხები წყდება სწორედ იქ, სადაც 100 წლის წინ გადაწყდა. აი, იქ დავბრუნდებით და ვისაუბრებთ. მხოლოდ ასე!», – განაცხადა მამა ბესარიონმა.

"აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" მანამდელ განცხადებებში ნათქვამი იყო, რომ მისთვის «წესი და კანონი პატრიარქ ტიხონის 1918 წლის განცხადებაა აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეტენზიების "არამართლზომიერების" შესახებ.

«იქ, სადაც გკლავენ, გამცირებენ, არ უნდა წახვიდე სასაუბროდ. ეს ჩემი ცალსახა და ზუსტი განსაზღვრებაა. ხომ ვიცით, როგორ დადიოდა იქ ნესტორ ლაკობა და რით დასრულდა ეს ყველაფერი? ხომ ვიცით, როგორ იყო იქ ჩასული ვლადისლავ არძინბა? ასე, რომ ვფიქრობ, ქართველების სრულად ნდობა არ შეიძლება», – დასძინა მამა ბესარიონმა.

*******

საქართველოს საპატრიარქომ "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" წინამძღოლს, მამა ბესარიონს (აფლიას) თბილისში მოწვევა გაუგზავნა. ამის შესახებ ნათქვამი იყო რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებისადმი აფლიას მიმართვის საპასუხო წერილში, რომელიც მამა ბესარიონმა ცოტა ხნის წინ თბილისიდან მიიღო.

საპასუხო წერილის ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მდივანი მიხეილ ბოტკოველია.

«გაცნობებთ, რომ გავეცანით საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისადმი თქვენს მიმართვას. მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით მის შინაარსსა და სულისკვეთებას, ვაცნობიერებთ დიალოგის დაწყების აუცილებლობას. მოგეხენებათ, მტერი ყოფს, მაგრამ ღმერთი აერთიანებს. ამდენად, ვთვლით, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა ამ თემაზე თქვენ თბილისში შეგხვედრილიყავით და პრობლემური საკითხები პირისპირ განგვეხილა», – ნათქვამი იყო აფლიასადმი ბოტკოველის წერილში.

ცნობისთვის: რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებისადმი ამასწინანდელ მიმართვაში "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის" საეკლესიო საბჭო «აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქოს არაკანონიკურ უფლებამოსილებაზე" საუბრობდა.

«1992 წელს, ისტორიული და კანონიკური სიმართლის საწინააღმდეგოდ, მსოფლიო პატრიარქმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გასცა და აფხაზეთი ქართული ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილად განსაზღვრა. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ შედიოდა ქართულის შემადგენლობაში და აღიდგენს თავის – აფხაზური კათოლიკოსატის სტატუსს», – ნათქვამი იყო მიმართვაში.

მასში აღნიშნული იყო ასევე, რომ “XIX საუკუნიდან რუსული ეკლესია კავკასიაში მართლმადიდებლობას აღორძინებს”. «მოველით, რომ მისი დახმარებით აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიაღწევს დამოუკიდებლობის კანონიკურ აღიარებას. ვაცხადებთ, რომ არ გვსურს ძმური სულიერი კავშირი მათთან, ვინც სახარებისეული სიმართლის საწინააღმდეგოდ, აფხაზეთს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანსა და ეკლესიას, განიხილონ ჩვენი ეკლესიის კანონიკური სტატუსი მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის საფუძველზე», – ნათქვამი იყო მიმართვაში.

მიმდინარე წლის თებერვალში ბესარიონ აფლიამ განაცხადა აფხაზეთში ღვთისმსახურების შეწყვეტის შესახებ, სანამ “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” სტატუსის საკითხი არ გადაიჭრებოდა. თუმცა ღვთისმსახურება მალევე აღდგა, მამა ბესარიონმა კი განმარტა, რომ რუსეთის საპატრიარქო “აფხაზურ ეკლესიას ავტონომიური სტატუსის ჩამოყალიბებაში დაეხმარებოდა».

საქართველოს საპატრიარქომ მაშინ შეახსენა ბესარიონ აფლიას, რომ თავის დროზე იგი სწორედ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ იყო ხელდასმული და შესაბამისად, ქართული ეკლესიის წარმომადგენელია.

ცნობისთვის: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, მოსკოვის საპატრიარქოს ჩათვლით, აფხაზეთს თავის კანონიკურ ტერიტორიად მიიჩნევს. 1992-1993 წ.წ. შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ქართველ სასულიერო პირებს აფხაზეთის ტერიტორიაზე წვდომა აღარ აქვთ. ერთადერთი გამონაკლისი სწორედ ბესარიონ აფლიაა, რომელიც თავის დროზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იყო ხელდასმული და შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ცხუმ-ბიჭვინთის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით ეს ეპარქია “აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიად” დაარეგისტრირეს. თავად ბესარიონი აფხაზური ეკლესიის მმართველად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს მიიჩნევს.

აფხაზეთში დარეგისტრირებულია ასევე მეორე მართლმადიდებლური ორგანიზაცია – “აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია” ცენტრით ახალ ათონში. მისი ჩამოყალიბება იქცა რეაქციად რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მცდელობაზე, ახალი ათონის მონასტრისთვის წინამძღოლი რუსეთიდან დაენიშნა. მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები მამა დოროთეს (დბარის) თაოსნობით აფხაზეთის საეკლესიო საკითხს დაურეგულირებლად მიიჩნევენ და ადგილობრივი მორწუნეების სახელით კონსტანტინოპოლის პატრიარქს მიმართავენ თხოვნით, პრობლემა მართლმადიდებელთაშორისი კომისიის სხდომაზე გადაჭრას.

გარკვეულ მომენტში საქართველოში დროებით ზომად აფხაზეთის კონსტანტინოპოლის პატრიარქის დაქვემდებარებაში გადაცემის საკითხი განიხილებოდა. ამ ინიციატივით გამოდიოდა, კერძოდ, შეიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ექს-მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. თუმცა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც თავის საგარეო საეკლესიო პოლიტიკაში ხშირად მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციებს იზიარებს, ეს ინიციატივა უარყო.

აფხაზეთის ორ მართლმადიდებელ თემს შორის პერიოდულად დაძაბულობა იზრდება “აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის” მოთხოვნის გამო, “წმინდა მიტროპოლიამ” ახალი ათონის მონასტერი მას გაუთავისუფლოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S