რუსეთში კორონავირუსის დელტა-შტამის ახალი ვარიანტი გამოვლინდა
21/10/2021 08:18:26 მსოფლიო
რუსეთში კორონავირუსის დელტა-შტამის ახალი სახეობის - AY.4.2-ის ცალკეული შემთხვევებია გამოვლენილი.
იგი "კლასიკურისგან" ორი წანაზარდით გამოირჩევა.
ამჟამად რუსი მეცნიერები იკვლევენ, რამდენად უფრო გადამდებია ახალი ვერსია წინასგან. თუმცა უკვე ამ ეტაპზე მკვლევარები თვლიან, რომ AY.4.2-ის რუსეთსა და მსოფლიოში ფართოდ გავრცელების ალბათობა საკმაოდ მაღალია.
"ერთადერთი, რამაც შეიძლება, ახალი სახეობის გავრცელება შეაფერხოს, ვაქცინაციაა, განსაკუთრებით - იმ მოქალაქეებში, რომლებსაც კორონავირუსი ჯერ არ გადაუტანიათ. და რუსული ვაქცინები ამ სახეობის მიმართ საკმაოდ ეფექტურია ", — აცხადებენ რუსი მეცნიერები.
მანამდე ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება და მასზე ინფიცირების შემთხვევების უკვე 10%-მდე მოდის. თუმცა ბრიტანელი მეცნიერები არ თვლიან, რომ ახალი ვარიანტი უფრო გადამდებია და შფოთვის საფუძველს ქმნის. "ეს ოდნავ უფრო გადამდები შტამია, თუმცა დაავადების მიმდინარეობის სიმძიმით ვერც კი შეედრება ალფასა და დელტას", - თვლიან ადგილობრივი მკვლევარები.
რუსეთში სექტემბრიდან პანდემიამ საგრძნობლად იმძლავრა. ოქტომბრის განმავლობაში ინფიცირების დღიური მაჩვენებლის კუთხით უკვე მე-13 რეკორდი დაფიქსირდა. 20 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 34 073 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი.
დელტა ვირუსის გავრცელების ტემპის შესაფერხებლად გუშინ, 20 ოქტომბერს პრეზიდენტმა პუტინმა 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა.


