
ჯანმო: "დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის არასათანადო ტემპის გამო პანდემია მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდება"
21/10/2021 06:20:28 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის არასათანადო ტემპის გამო პანდემია მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდება.
"პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება, რადგან დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის საჭირო ტემპი არ არსებობს. კოვიდ–კრიზისი ადვილად გადაიწევს 2022–ში. ვაქცინაციის ტემპი ნამდვილად უნდა აჩქარდეს", – განაცხდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ბრიუს ეილვარდმა.
როგორც ჯანმო-ში აღნიშნავენ, ამ დროისთვის აფრიკაში მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული მაშინ, როდესაც დანარჩენ კონტინენტებზე ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს.
ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, "ვაქცინების რიგში თავიანთი ადგილები დათმონ, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება მიეცეთ, პრიორიტეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიანიჭონ".