
ექიმი: "მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში"
20/10/2021 18:10:52 საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა და დასძინა, რომ ზუსტად არ იცის, ეს როდის მოხერხდება.
„გასავლელია დეტალები ჯანმრთელობის და იუსტიციის სამინისტროებთან. ამას გავარკვევთ ხვალ, ზეგ და შემდეგ მოხდება ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. მისი პირველი განცხადება, რომ ეს არის შიმშილობა, რჩება ძალაში. არავითარ შემთხვევაში შეწყვეტაზე საუბარი არ არის. ბოლო ანალიზებს ახლა გავეცანი, ერთი უკეთესია, მეორე უარესია, არ ვიცი, სად გადაიყვანენ“,- განაცხადა ექიმმა.
კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში რამდენიმე დღით დარჩება, თუ პროფილაქტიკის მიზნით გადაიყვანენ და ისევ საპატიმროში დააბრუნებენ, ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ამაზე მას პასუხი არ აქვს:
„კარგი კითხვაა, მაგრამ პასუხი არ მაქვს. მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა იმისთვის ხდება, რომ გავაგრძელოთ მისი სიცოცხლე. ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორც გუშინ იყო, ისე არის ახლაც. სად გადაიყვანენ, არ ვიცი, უნდა გვაჩვენონ ალბათ სია. „ვივამედი“ მე პირველად მესმის, მაგრამ შეიძლება, იყოს „ვივამედი“. ამაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა. მისი მკურნალობა არის ის, რომ ახლა მან დაიწყოს ჭამა, ეს არის მთავარი თერაპია ახლა მისთვის“.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს.