
ღარიბაშვილი – ევროპარლამენტარებზე: „ამდენს რატომ ბედავენ?“
20/10/2021 15:10:00 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ არაეთიკურად მოიხსენიებს ევროპარლამენტარებს.
„არც ფოტიგა, არც კუბილიუსი, არც არავინ ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს წარმოადგენენ. ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. ევროპარლამენტში არის შვიდასი დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით, ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას. ამ ქვეყანაში კანონისა და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება. მინდა, თქვენ მიერ ჩამოთვლილ რამდენიმე ევროპარლამენტარს შევახსენო, მათ პირადი ნაცნობობა, მეგობრობა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან, აღარ მინდა გავაგრძელო. ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი ლუქსმანი, არის ეკა ზღულაძის მეუღლე. მერაბიშვილის მოადგილის მეუღლე და სააკაშვილის მრჩეველი იყო, ჩართული იყო მთელ ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. დღეს ეს ადამიანი, რომელიც მთელი პერიოდი იყო აქ, როცა ტერორი მძვინვარებდა ქვეყანაში, ძალადობა და უბედურება, ადამიანების გაუპატიურება ციხეებში, ხოცვა, ეს ადამიანი დღეს ჭკუას გვასწავლის ჩვენ. ვინ არის საერთოდ ფოტიგა, რატომ ბედავენ ამდენს? ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შექმნან განცდა, თითქოს რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან. სააკაშვილს დღეს პროკურატურამ წაუყენა ახალი ბრალი. კაცი, რომელიც ჩამოვიდა, თავის ჭკუით, თითქოს რაღაც შეწირულისა და თავდადების მაგალითი დააფიქსირა, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად, ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი, რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც ცხრა წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი. ეს არის ღია, დეკლარირებული კანონდარღვევა საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა, ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ მე მაგალითისთვის შევახსენე, მათ შორის რამდენიმე ევროპარლამენტარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რიგი ევროპარლამენტარების განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირი ამ დრომდე უშედეგოდ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რათა არ გაჩნდეს ეჭვები პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების თაობაზე.